"პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში" - კელის და კრამერის სტატია
კელის და კრამერის სტატია
აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, სათაურით – “პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში” – სადაც საუბარი საქართველოს რუსეთთან ურთიერთობას, სასამართლო სისტემას და “ქართული ოცნების” საშინაო პოლიტიკას ეხება.
იან კელისა და დევიდ კრამერის თქმით, “ქართული ოცნება” გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით იღებს, ეწყინება თუ არა პუტინს. ასევე, მათი განმარტებით, საქართველოს მთავრობა ხელში იგდებს ძალაუფლების ყველა სადავეს.
“საშინაო პოლიტიკაში მთავრობა, ხელისუფლების სამივე შტოში, ძალაუფლების ყველა სადავეს მუხლჩაუხრელად იხვეჭს და ამ ძალაუფლების შემმოწმებელ ინსტიტუციებს მარგინალიზაციას უწევს ან შლის. ეს განსაკუთრებით აშკარა იყო დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველსაყოფად აშშ-ს, ევროპისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეფორმების გატარების მოთხოვნაზე უარის თქმაზე”. – წერენ კრამერი და კელი.
სტატიაში ავტორებმა ერთმანეთისგან გამიჯნეს ქართველი ხალხი, რომელსაც დასავლეთში ინტეგრაციის ძლიერი სურვილი აქვს (NATO-ში გაწევრიანება მოსახლეობის 75%-ს, EU-ში – 88% სურს), და ხელისუფლება, რომელიც საკუთარი მოქმედებებით ამომრჩევლის სურვილის საწინააღმდეგო კურსს ირჩევს.
“ქართული ოცნება, რიტორიკულად კვლავ უჭერს მხარს დასავლეთში ინტეგრაციის პოლიტიკას. თუმცა, მათი მოქმედებები გვიმტკიცებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება წარმატების მისაღწევად არასწორ ფსონს დებს”. – წერია სტატიაში.
სტატიაში საუბარია ქვეყნის სასამართლო სისტემასა და მასთან არსებულ პრობლემებზეც. ავტორები “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას განიხილავენ და აღნიშნავენ, რომ “ქართული ოცნება” ეკონომიკურად და პოლიტიკურად სასურველი გადაწყვეტილებების მისაღებად მტკიცედ აკონტროლებს სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებს.
კელი და კრამერი მმართველი პარტიის პოლიტიკას უკრაინის ომთან მიმართებით შემაშფოთებლად აფასებენ. მათი თქმით, ამ რეჟიმს წინა ორისგან განსხვავებით, რუსეთისადმი დაშოშმინების პოლიტიკა და დასავლეთის რეკომენდაციას უგულებელყოფა ახასიათებს.
“საქართველოს მთავრობა არ აწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, არ აძლევს საკუთარ მოქალაქეებს შესაძლებლობას იბრძოლონ უკრაინაში, სავარაუდოა, რომ ეხმარება რუსეთს სანქციებიდან თავის არიდებაში, ამასთანავე, აიძულა უკრაინა საქართველოდან ელჩი გაეწვია”. – წერია სტატიაში.
და ბოლოს, კელისა და კრამერის თქმით, აუცილებელია არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს პერსონალური სანქციები დაუწესდეს:
“კოლომოისკისა და პლაჰოტნიუკის მსგავსად, რომლებიც აღარ იყვნენ მთავრობაში სანქცირების დროს, ივანიშვილი და მისი ახლო წრე ამომრჩევლების წინაშე ანგარიშვალდებულნი არ არიან, თუმცა აშკარად აქვთ დიდი გავლენა მთავრობის გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკაზე”
ასევე, ავტორების თქმით, ჯერ კიდევ არის შანსი, შეჩერდეს საქართველოს მარიონეტ რეჟიმად ქცევა. ამისათვის, მათი განმარტებით, აუცილებელია გაძლიერდეს დასავლეთი, რათა შეაჩეროს მთავრობა.
“განსაკუთრებით ისინი, ვინც კულისებიდან მართავენ, რომ არ დასცილდეს საქართველო დასავლეთს და არ დაუხლოვდეს რუსეთს.” – ვკითხულობთ სტატიაში.