სახელმწიფო მდივნის მრჩეველი: კვირის დასაწყისში მომხდარი, ევროატლანტიკური მიზნების მიღწევას გაართულებს
კვირის დასაწყისში მომხდარი ევროატლანტიკური მიზნების მიღწევას გაართულებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის უფროსი მრჩეველი, დერეკ შოლე ამბობს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, თუმცა მიმდინარე კვირის დასაწყისში მომხდარი მოვლენები [იგულისხმება “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავება] ამას გაართულებს. ამის შესახებ დერეკ შოლემ “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა.
“ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას, მას სურს საქართველომ მიაღწიოს ამ მიზნებს. რეალობა ისაა, რომ ისეთი რამეები, რაც ამ კვირის დასაწყისში მოხდა, გაართულებს ამის მიღწევას”, – აღნიშნა შოლემ.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებზე შეშფოთებას ღიად გამოხატავს:
“ჩვენ შეშფოთებებს ძალიან ღიად გამოვხატავთ, ვგულისხმობ შტატები, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ევროპაში და სხვაგან, როდესაც გვაქვს წუხილები მედიის თავისუფლების, ღია დებატებისთვის სივრცის დახურვის გამო, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე – მსგავს საკითხებზე. იმაზე, რომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტების მიღება ყოვნდება.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას დაპატიმრებას, საელჩოს განცხადება თავად ამბობს სათქმელს და ის, რასაკვირველია, განმტკიცებულია ვაშინგტონიდან და ის არის ასახვა ჩვენი მზადყოფნისა, რომ ვიყოთ პირდაპირები, ღიები და ვილაპარაკოთ ძალიან მკაფიოდ ჩვენს შეშფოთებებზე. ასე ვიქცევით პირად საუბრებშიც და საჯაროდაც, რადგან გვჯერა, რომ მეგობრებთან უნდა იყო ძალიან პირდაპირი. ეს არის სულისკვეთება, რომლითაც ეს განცხადება გამოქვეყნდა.”
დერეკ შოლე საქართველოს ორი დღის წინ ეწვია. ის არასამთავრობოების, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს ქვეყნის ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ტელეკომპანიის, “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. კრიტიკული მედიის ხელმძღვანელს სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ეპიზოდზე, რომელშიც მას სამსახურებრივი მანქანის ოჯახის საჭიროებებისთვის გამოყენებას ედავებიან.
დამოუკიდებელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გვარამიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
მკაცრს შეფასებას აკეთებს აშშ-ის საელჩო – ის პროცესში “შერჩევით გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკას ხედავს, მიმართულს ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ”.
ხოლო საქართველოს ოთხი ოპოზიციური ტელევიზიის მენეჯერები მოუწოდებენ დასავლეთს, არ მისცეს საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს საბოლოოდ მოკლას დემოკრატია ქვეყანაში.