“არ მისცეთ საშუალება ოლიგარქს, მოკლას დემოკრატია” - კრიტიკული მედია დასავლეთს მიმართავს
მედიამენეჯერები დასავლეთს მიმართავენ
საქართველოს ოთხი ოპოზიციური ტელევიზიის მენეჯერები მოუწოდებენ დასავლეთს, არ მისცეს საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს საბოლოოდ მოკლას დემოკრატია ქვეყანაში.
“ფორმულას”, “ტვ პირველის”, “მთავარი არხისა” და “კავკასიის” მედიამენეჯერები ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საკითხი და პირდაპირი გზავნილია დასავლეთისთვის, რომ საქართველო პუტინის მეთოდებით იმართება.
“ნიკა გვარამიას დაკავება არის პირდაპირი, დემონსტრაციული გზავნილი დასავლეთისთვის, რომ საქართველო არის რუსული ოლიგარქიული მიტაცებული ქვეყანა და ის იმართება პუტინის მეთოდებით. გვარამიას დაჭერა ნიშნავს, რომ საქართველო უარს ამბობს ევროპასა და NATO-ზე. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის განხილვის ფონზე. ასევე, ოცნების რეჟიმის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ ხელისუფლება გაემიჯნა ცივილიზებულ სამყაროს და ნიკა გვარამიას დაკავება ამის კიდევ ერთი დასტურია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
მენეჯერების თქმით, ნიკა გვარამიას დაჭერა არ არის ერთი მედიის – “მთავარი არხის” ან ერთი ადამიანის საკითხი და ეს არის მთლიანად ქართული მედიის და “ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმე.” მათივე განმარტებით, ქვეყანა მიტაცებულია და იმართება უკვე დაუფარავად რუსული რეჟიმის მიერ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული არჩევანი წაართვას:
“ქართველი ხალხის და ჩვენი კრიტიკული მედიის ერთადერთ მოკავშირედ გთვლით თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებს – მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაგვიჭიროთ ამ უსამართლო ბრძოლაში და არ მისცეთ საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს საბოლოოდ მოკლას დემოკრატია და ქართველი ხალხის მიერ სისხლით მოპოვებული თავისუფლება და თქვენ მიერ გაწეული ძალისხმევა აღმოჩნდეს ფუჭი.”
16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს ქვეყნის ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ტელეკომპანიის, “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. კრიტიკული მედიის ხელმძღვანელს სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ეპიზოდზე, რომელშიც მას სამსახურებრივი მანქანის ოჯახის საჭიროებებისთვის გამოყენებას ედავებიან.
დამოუკიდებელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გვარამიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
მკაცრს შეფასებას აკეთებს აშშ-ის საელჩო – ის პროცესში “შერჩევით გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკას ხედავს, მიმართულს ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ”.