სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
“მთავარი არხის” დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მას 50 000 ლარი ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით მას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა.
ასევე, მოსამართლემ მისი დაუყოვნებლივ დაკავების განკარგულება გასცა.
ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, კახა დამენიას კი მუხლი გადაუკვალიფიცირდა და 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
პროკურატურა ნიკა გვარამიას “რუსთავი 2-ი” დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.
ამ საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალდება 2020 წლის 6 სექტემბერს წარედგინა. მასთან ერთად, საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი კიდევ ორ პირს – “რუსთავი 2-ის” ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას და მასთან დაკავშირებული კომპანიის “ინტერ მედია პლიუსის” დირექტორს, ზურაბ იაშვილს.
ნიკა გვარამიას მანამდე “საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ”, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 გირაო აქვს შეფარდებული და შეზღუდული აქვს ქვეყნიდან გასვლის უფლება.