კორონავირუსით საქართველოს ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელი დაინფიცირდა
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ყველა მათგანი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
2 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5437 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 26 გამოჯანმრთელდა.
ეროვნულ ბანკის ინფორმაციით, ისინი ერთი განყოფილების თანამშრომლები არიან და ბოლო ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ ფულთან ჰქონდათ შეხება. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ცნობით, ისინი ბანკში ფულს ითვლიდნენ.
ეროვნული ბანკის განცხადებაში არ არის აღნიშნული, რა პოზიციაზე მუშაობდნენ კორონავირუსით დაინფიცირებულები.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ფულის მეშვეობით ვირუსის გავრცელება, ჩინეთში ახალი კორონავირუსის გამოვლენისთანავე განიხილებოდა, თუმცა, ამ ჰიპოთეზის დამადასტურებელი მეცნიერული მტკიცებულებების მოპოვება დღემდე ვერ მოხერხდა.
მისი თქმით, ქართველი ეპიდემიოლოგები ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავენ და ეროვნული ბანკის თანამშრომლებთან მიმართებაში ამ ჰიპოთეზასაც განიხილავენ: “ფული, როგორც ყველა ის ნივთი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, შესაძლებელია, იყოს ინფიცირების წყარო,” – აცხადებს იმნაძე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით, 16 მარტიდან ბანკში შესული ფული 14-დღიან კარანტინს გადის.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით, 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული. 31 მარტიდან აიკრძალა სამ კაცზე მეტის შეკრება, გარდა მაღაზიებისა და აფთიაქებისა სადაც მოქალაქეებმა ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. მუშაობა შეწყვიტა ყველა სახის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. გაჩერდა მეტროც. მთავრობის დადგენილებით, საკვების გარდა, ყველა სახის ონლაინ ვაჭრობა აიკრძალა და 21:00-დან 06:00-მდე კომენდანტის საათი დაწესდა.