აზერბაიჯანის მოსახლეობას ქუჩაში SMS-ნებრთვის გარეშე გასვლის უფლება მისცეს
18 იანვრიდან, ბაქოსა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებში, ქუჩებში გასვლის SMS-ნებართვა უქმდება. უკვე ერთი კვირის შემდეგ, 25 იანვრიდან, ზოგიერთი არასასურსათო მაღაზია და სილამაზის სალონი გაიხსნება, კიდევ ერთ კვირაში კი – კაფეები და რესტორნები.
- არასამთავრობოები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდეს
- აზერბაიჯანის მოსახლეობა ჩინური ვაქცინით აიცრება
- საახალწლო დღესასწაულები და კორონავირუსით ინფიცირების ზრდა აფხაზეთში
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა ოპერატიულმა შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმის 2021 წლის 1 აპრილამდე გაგრძელების შესახებ.
ამავდროულად, კორონავირუსის გავრცელების დინამიკაში არსებული გარკვეული სტაბილურობის გათვალისწინებით, 2021 წლის 18 იანვრიდან რიგი შემსუბუქებების შემოღება გადაწყდა. ამ დღიდან უქმდება ქუჩაში გადაადგილებისთვის საჭირო SMS-ნებართვების გაცემა, რომელიც დაფუძნებულია სპეციალურ სამთავრობო პორტალზე რეგისტრაციაზე.
2020 წლის 14 დეკემბრიდან, აზერბაიჯანში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. ადამიანებს სახლის დატოვების უფლება დღე-ღამეში მხოლოდ 3 საათით, ისიც წინასწარ მიღებული სპეციალური SMS-ნებართვის საშუალებით შეეძლოთ.
2021 წლის 25 იანვრიდან კი ქვეყნის ტერიტორიაზე ნებადართული იქნება მუშაობა შემდეგი მომსახურების სფეროებში:
- სავაჭრო ობიექტების მუშაობა (გამონაკლისია საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, კაფეებში, ჩაის სახლებში, ასევე, მსხვილ სავაჭრო ცენტრებსა და Mall-ებში ადგილზე მომსახურება);
- საპარიკმახეროების, სილამაზის სალონების, კოსმეტიკური მომსახურების (მათ შორის, კლიენტების მომსახურება სახლებსა და სხვა ადგილებში);
- მუზეუმებისა და საგამოფენო დარბაზების საქმიანობა;
- საქალაქთაშორისო და რაიონთაშორისი სატრანსპორტო კავშირი.
2021 წლის 1 თებერვლიდან, ქვეყნის ტერიტორიაზე, დილის 06:00-დან 00:00 საათამდე, მუშაობას განაახლებენ საზოგადოებრივი კვების ობიექტები, მათ შორის, რესტორნები, კაფეები და ჩაის სახლები.
ახლო ნათესავის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად, კვლავინდებურად საჭირო იქნება სპეციალური სატელეფონო ნებართვის მიღება შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
კვლავინდებურად დაკეტილი რჩება ბაქოს მეტროპოლიტენი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არ იმუშავებს შაბათ-კვირას. სამედიცინო ნიღბების ტარება დახურულ შენობებში სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. ამ წესის დამრღვევებს დაეკისრებათ ჯარიმა 200 მანათი (100 ევროს) მოცულობით.