აზერბაიჯანის მოსახლეობა ჩინური ვაქცინით აიცრება
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ძირითადი დავის საგანი იყო ვაქცინის შერჩევის საკითხი. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ქვეყნის მოსახლეობა ჩინური წარმოების ვაქცინით აიცრება. აზერბაიჯანში ამტკიცებენ, რომ ამ ვაქცინის ეფექტიანობა მაღალია, მაგრამ სხვა ქვეყნები ამ აზრს არ იზიარებენ.
- კორონავირუსი ციხეში. პატიმართა ნათესავები ამბობენ, რომ ვითარება მძიმეა
- კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები, პირველ თებერვლამდე არ მოიხსნება
სამედიცინო ტერიტორიული ქვეგანყოფილებების მართვის გაერთიანებამ (TƏBİB) აზერბაიჯანის მცხოვრებთა ვაქცინაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ქვეყნის ხელისუფლება არჩევანს აკეთებდა ამ მომენტისათვის ყველაზე გავრცელებულ 6 ვაქცინას შორის.
არჩევანი შეჩერდა ჩინური წარმოების ვაქცინა Sinovac-ზე.
თავიანთი არჩევანი TƏBİB-ში იმით ახსნეს, რომ ჩინური ვაქცინა „ბუნებრივი მეთოდით“ იწარმოება, რის გამოც ყველა ანალოგიურ ვაქცინას შორის „ყველაზე უსაფრთხოა“.
ამტკიცებენ, რომ ვაქცინა Sinovac-ის იმუნიზაციის პროცენტი 92-ია, სხვა სიტყვებით, 10-დან 9-ზე მეტ შემთხვევაში ვაქცინას ადამიანის სხეულში კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავება მოჰყვა.
ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ამჟამად Sinovac-ი გამოიყენება ჩინეთში, თურქეთში, ინდონეზიაში, ბრაზილიაში. შეკითხვაზე, სხვა ქვეყნებმა რატომ არ მიმართეს ჩინურ ვაქცინას, TƏBİB-ში აღნიშნეს, რომ Sinovac-ის წარმოების პროცესი „ძალიან რთული და ძვირადღირებულია“.
აღნიშნავენ, რომ ვაქცინაციას ნებაყოფლობითი ხასიათი ექნება. მათ მიმართ, ვინც გადაწყვეტს, რომ არ აიცრას, ადმინისტრაციულ ზომებს არ მიიღებენ.
პირველ ეტაპზე აიცრებიან სამედიცინო მუშაკები და პირები 65 წელს ზემოთ, ასევე, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც ჩართული არიან პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებში.
თუმცა, ბრაზილიაში, სადაც უკვე დაიწყო მოსახლეობის აცრა ჩინური ვაქცინა Sinovac-ით, მისი ეფექტიანობის სულ სხვა მონაცემებს ასახელებენ. მაგალითად, ბიოტექნოლოგიურმა ცენტრმა „ბუტანტანის ინსტიტუტმა“ განაცხადა, რომ Sinovac-ის ეფექტიანობა მხოლოდ 50,38 პროცენტს შეადგენს.
ამ ვაქცინის შეძენისკენ იხრება უკრაინაც. მაგრამ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა, რომ თუ ჩინური ვაქცინა Sinovac-ის ეფექტიანობა 70 პროცენტზე დაბალი აღმოჩნდება, ქვეყანა მას არ შეიძენს.