კორონავირუსი: მოსკოვში თავისუფლად გადაადგილების უფლება დარჩებათ მხოლოდ ძაღლების პატრონებსა და ჟურნალისტებს
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში, 15 აპრილიდან, მკვეთრად მკაცრდება გადაადგილებაზე შეზღუდვები. დედაქალაქი და ოლქი – ლიდერები არიან რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის სწრაფი ზრდით და ეს ეპიდემიისთვის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობაა.
ამასთან, მაინც არ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.
ექსპერტების თქმით, ხელისუფლება ასე აპირებს თავიდან აიცილოს ბიზნესის შეჩერებისთვის კომპენსაციის გადახდა.
მთელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, 12 აპრილს, დღე-ღამის განმავლობაში, 2 186 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 1 306 – მოსკოვის მცხოვრებია. საერთო ჯამში, 12 აპრილის მონაცემებით, სულ ქვეყანაში დაინფიცირდა 15 770 ადამიანი, გარდაიცვალა 130 პაციენტი.
უკვე 12 აპრილიდან, მოსკოვის შესასვლელებში დამონტაჟდა პოსტები, რომელიც არ იძლევა ქალაქში სხვა რეგიონებიდან ტრანსპორტის შესვლის უფლებას. საკუთარი ავტომობილით გადაადგილება ჯერჯერობით შესაძლებელია.
მაგრამ 15 აპრილიდან, ისინი, ვინც საკუთარი მანქანით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაწყვეტენ გამგზავრებას – ვალდებული იქნებიან მიიღონ ერთჯერადი ელექტრონული საშვი.
- რუსეთი: ვირუსის გავრცელება პიკს უახლოვდება, მედიცინა მზად არ არის, ხელისუფლება კი იზოლაციის შესუსტებაზე ფიქრობს
- კორონავირუსი ჩრდილოეთ კავკასიაში: ინფიცირებულია ყველა რეგიონი, გარდაიცვალა ინგუშეთის მთავარი მუფთი
- „მიმაჩნია, რომ არანაირი კორონავირუსი არ არსებობს“ – ამის დასამტკიცებლად ვლადიკავკაზში საავადმყოფოს შეუტიეს
- რუსეთის ახალი კონსტიტუცია: „მარადიული“ პუტინი, ღმერთი და რუსი ხალხის განსაკუთრებული როლი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
ისინი, ვისაც სახლში ინტერნეტი აქვს – მოსკოვის მერიის ვებგვერდზე დარეგისტრირდებიან და საშვს ონლაინ მოითხოვენ.
მათ, ვისაც ინტერნეტი არ აქვს – საშვის ნომერს სატელეფონო ოპერატორი მიუთითებს.
ასეთი საშვის მისაღებად – საჭიროა, სახლიდან გასვლის მიზეზის დასაბუთება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ექიმთან ან ხანდაზმულ ნათესავთან წასვლის აუცილებლობა. ხელისუფლება უფლებას იტოვებს, გადაამოწმოს მოთხოვნის სანდოობა.
სახლიდან ფეხით გამოსვლა საშვის გარეშეც შეიძლება – მაგრამ მხოლოდ უახლოეს მაღაზიამდე ან აფთიაქამდე. ასევე, შესაძლებელია ძაღლის გასეირნება – მაგრამ, სახლიდან არაუმეტეს 100 მეტრისა.
არ არსებობს ოფიციალური საგანგებო მდგომარეობა – არ არის საჭირო კომპენსაციის გადახდა
რუსეთში, ადგილობრივი მედია, უფლებადამცველები და ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში საუბრობს იმის შესახებ, რომ ეს ზომები ძალზედ საჭიროა – მაგრამ უკანონოა.
მსგავსი შეზღუდვები შეიძლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მაგრამ ხელისუფლება მის გამოცხადებაზე უარს ამბობს.
ექსპერტების განმარტებით, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება ვალდებული იქნებოდა, კერძო ბიზნესისთვის ზარალი აენაზღაურებინა.
შინაური ძაღლები კმაყოფილი არიან – მათ გასეირნებაზე დიდი კონკურენციაა
მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში მეზობლების შეტყობინებების „სკრინშოტებს“ აქვეყნებენ, რომლებიც მათი ძაღლების გასეირნების ნებართვას სთხოვენ – რათა სუფთა ჰაერი ჩაისუნთქონ და, ამასთან, არ მიიღონ პოლიციისგან ჯარიმა იმის გამო, რომ „ქუჩაში მნიშვნელოვანი საქმის გარეშე იმყოფებიან“.
დიდი ფასი დაედო ჟურნალისტებთან მეგობრობასაც – მათ თავისუფლად გადაადგილების უფლება აქვთ. ამიტომ, ყველა ცდილობს რედაქციებთან კავშირების გამონახვას, რათა მიიღონ საბუთი, რომ ქალაქში რედაქციის დავალების შესრულების მიზნით გადაადგილდებიან.