აშშ-ის ელჩი: საქართველოში უნდა დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა
‘საქართველოში უნდა დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ჰყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, დათესონ დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში,” – ეს განცხადება გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 31 ოქტომბრის არჩევნებამდე სამი დღით ადრე.
აშშ-ის ელჩი მოუწოდებს ქართველ ამომრჩევლებს, პანდემიის მიუხედავად, მივიდნენ არჩევნებზე, რადგან წესების დაცვის შემთხვევაში ეს პროცედურა უსაფრთხოა:
„მოვუწოდებდი ხალხს, ატარეთ ნიღაბი, დაიცავით სოციალური დისტანცია და გთხოვთ, მიდით არჩევნებზე. აშშ-ს ნამდვილად სურს, რომ ამ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს. უკვე ბევრი სამუშაო ჩატარდა იმისთვის, რომ ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა, მიუხედავად კოვიდ პანდემიისა,” – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
“საბოლოო ჯამში, ამ არჩევნების წარმატება დამოკიდებულია საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზე. ვიმედოვნებთ, რომ ქართველები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და დარწმუნდებიან, რომ მათი ხმა დაფიქსირდება საარჩევნო ყუთთან“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
ეს განცხადებები ელჩმა აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელთან, კრისტოფენ ანდერსონთან შეხვედრისას გააკეთა.
● საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა ფიცი დადო. რუსეთს მან საქართველოს “მტრული მეზობელი” უწოდა
● საქართველოს აშშ-ის ახალი ელჩი ეყოლება
● რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. გზამკვლევი