კახა კალაძე: თავისთვის დაიტოვონ კანდიდატის სტატუსი თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ მოგვცემენ
კახა კალაძე კანდიდატის სტატუსზე
თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ “თავისთვის დაიტოვონ კანდიდატის სტატუსი” თუ მას საქართველოს პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ მისცემენ. მისივე განმარტებით, ეს არის იმ თამაშისა და შანტაჟის ნაწილი, “რასაც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავთ.”
ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის თქმით, თუ ხელისუფლება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ იგივე დამოკიდებულებას გააგრძელებს, მათთვის აშკარა იქნება, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს.
ამასთან, ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ვერსია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს.
“ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ამ რთულ გზაზე. თუმცა, თუ მათი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანდიდატის სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ.
მე უკვე ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის დადგმული სპექტაკლი მიხეილ სააკაშვილის “შემოტანით“ საქართველოში. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მომხდარიყო დაპირისპირება, გადატრიალება. ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება არ არის მისაღები იმიტომ, რომ არ ერთვება ომში, აკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ინტერესებს ეხება.” – ამბობ დედაქალაქის მერი.
● “დემოკრატიული ლპობის საფუძველი ბიძინა ივანიშვილია” – დებატები ევროპარლამენტში საქართველოზე
● “ქართულად საუბრობენ, თორემ სულისკვეთებით არის ФСБ-ს ტექსტები” – რა გამოხმაურება მოჰყვა ღარიბაშვილის განცხადებებს
● სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოში უკუსვლაა – შესაძლოა გადავხედოთ სტრატეგიას დახმარებასთან დაკავშირებით
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 2002 წლის 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) კი 2022 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა და გახდა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც მსგავსი აქტი მიიღო. საქართველოს მმართველი პარტია აცხადებს, რომ იზიარებს PACE-ის რეზოლუციის ზოგად სულისკვეთებას, თუმცა დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა, რადგან არ ეთანხმება ჩანაწერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ.
რეზოლუციაში შესწორების სახით დამატება მოგვიანებით შევიდა, სადაც ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში “პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას.”
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 8 ნოემბერს ევროპარლამენტარებმა ბრიუსელში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიური ანგარიში განიხილეს. მიღებული კომპრომისული დოკუმენტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ნახსენები როგორც ოლიგარქი, თუმცა დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივე მოცემულია მისი სახელი და გვარი და წერია, რომ აუცილებელია ივანიშვილის ჭარბ გავლენებთან დაკავშირებით მიღებული იყოს, მათ შორის, საკანონმდებლო გადაწყვეტილებები.
მიმდინარე წლის 3 თებერვალს ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა და საქართველოს თანხვედრას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან “საშუალოდ მომზადებულად” შეაფასა.