კადიროვი: გაბუნიას ურჩევნია დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს
ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც უარყოფს ქართველი ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობას, მაგრამ მოუწოდებს მას “დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს.”
კადიროვის განცხადება მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა.
- სუსი ადასტურებს, რომ შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
- კადიროვი, რომელიც სავარაუდოდ კორონავირუსით არის ინფიცირებული, ტელეეთერში გამოჩნდა
- ტურიზმი თუ ტანკები? რაში სჭირდება რუსეთს ახალი გზა საქართველოსკენ და რატომ ლობირებს მას ჩეჩნეთის თავკაცი?
როგორც ცნობილია, “მთვარის არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ თბილისში დაქირავებული მკვლელია დაკავებული, რომელიც რამზან კადიროვის დავალებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა, პუტინის მისამართით გინებისთვის შურისძიების მიზნით.
ეჭვმიტანილის დაკავების ფაქტი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადასტურეს.

ჩეჩნეთის პრეზიდენტი გაბუნიას “არშემდგარ ჟურნალისტს” , მკვლელობის ბრალდებას კი “ცხოვრებაზე განაწყენებული ადამიანების ზღაპრებს” უწოდებს.
”ბატონებო, მერწმუნეთ, თუ ვინმე ჩემი მითითებებით მოქმედებს, ის ამას შეასრულებს და თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, ამას ვერავინ გაიგებს”, – თქვა კადიროვმა.
ამავე დროს, იგი აღნიშნავს, რომ გაბუნიამ ბოდიში უნდა მოიხადოს:
”მაგრამ მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ არ დაგვავიწყდა, თუ როგორ შეურაცხყო მან ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი და, შესაბამისად, პირადად მე. გიორგი გაბუნიას, როგორც ადრეც ვთქვი, ურჩევნია დაიჩოქოს და ითხოვოს პატიება, ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქე. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები ამ მოქალაქეზე გავლენის მოსახდენად. გირჩევთ, რომ მან სწორი დასკვნები გამოიტანოს და საკუთარი გონება დაალაგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, ის ჩემს მტრად დარჩება.”