ირაკლი კობახიძე რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიურ განწყობას ანტისემიტიზმს ადარებს
ირაკლი კობახიძე
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის მოქალაქეების მიმართ ნეგატიურ განწყობას ანტისემიტიზმს ადარებს და ამბობს, რომ რაც ხდებოდა 40-იანი წლების გერმანიაში, “ებრაელი რომ იყო, უკვე არ უყვარდათ, ეზიზღებოდათ”, იგივეა ახლაც – როდესაც 142 მილიონ ადამიანს აცხადებ ცუდად, “ეს არის გოიმობა.”
ხოლო “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე “დედაენის ბარის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას აკრიტიკებს:
“რომელი ერის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, როდესაც ვიღაც პროვოკატორი პროვოკაციაზე მიდის და კონკრეტულ კვების ობიექტს დაბალ ქულებს უწერს, უნდა მივხვდეთ, რომ ის არის პროვოკატორი. ეროვნულობას და ეთნიკურ ნიშანს კი არ აქვს მნიშვნელობა. არის ვიღაც პროვოკატორი, რომელიც არის ამ შემთხვევაში მედლის მეორე მხარე. სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ერთი მხრივ, ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებენ და მეორე მხრივ, ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ის არის პროვოკატორი?” – ამბობს მდინარაძე.
მისივე განმარტებით, “რომ ვერ ჩაგვითრიეს ვერანაირი გზით ომში,” ახლა ქსენოფობიური კამპანიის გაღვივებით, პიარ კამპანიების დაგეგმვით და ნაღმების აფეთქებით ცდილობენ იქამდე მისვლას, სადაც მანამდე ცდილობდნენ და არ გამოუვიდათ.
ირაკლი კობახიძე დილით აცხადებდა, რომ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების “დიდი ნაწილი” ქართველია. მისი თქმით, საქართველოში წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ ჩამორჩება ქვეყანაში 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას. გარდა ამისა, როგორც კობახიძე განმარტავს, საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების – 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან – 110 ათასზე ნაკლებია, “რაც საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც კი არ შეადგენს.”
გუშინ, 4 აგვისტოს, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ სივრცეში “დედაენის ბარზე” რუსეთის მოქალაქეების თავდასხმის შედეგად Google-ში ათასობით დაბალი შეფასება, უარყოფითი და მუქარის შემცველი კომენტარი დაიწერა, რითაც ბარის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა.
რუსეთის მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია ბარში მოქმედმა ე.წ. ვიზამ, რომლის მისაღებად რუსეთის მოქალაქეებმა სპეციალური ანკეტა უნდა შეავსონ, რათა შემდეგ შეძლონ ბარში სრულფასოვანი მომსახურების მიღება. ანკეტაში მოსანიშნია შემდეგი პუნქტები:
- ხმა არ მიმიცია პუტინისთვის, ის დიქტატორია;
- ვგმობ რუსულ აგრესიაში უკრაინაში;
- ყირიმი უკრაინაა, ისევე, როგორც სხვა ოკუპირებული ტერიტორიები;
- აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა;
- საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ;
- საქართველოს ყოველი მე-12 მოქალაქე რუსეთის აგრესიის გამო დევნილია;
- მე მომწონს ფრაზა Руский военный корабль, иди на хуй;
- დიდება უკრაინას.
ახლანდელი მონაცემებით, ბარის შეფასება 4.8 ვარსკვლავია და რუსეთის მოქალაქეების მიერ მასობრივად დაწერილი უარყოფითი შეფასებები პლატფორმიდან წაშლილია.