დედაენის ბარზე, მათი "სავიზო" პოლიტიკის გამო, რუსების მხრიდან კიბერშეტევა მიმდინარეობს
დედაენის ბარზე კიბერშეტევა მიმდინარეობს
თბილისში, დედაენის ბარზე რუსული კიბერთავდასხმა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბარის მფლობელი და დამფუძნებელი დათა გურჯიევი Facebook-ში ავრცელებს.
რუსეთის მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია ბარში მოქმედმა ე.წ. ვიზამ, რომლის მისაღებად რუსეთის მოქალაქეებმა სპეციალური ანკეტა უნდა შეავსონ, რათა შემდეგ შეძლონ ბარში სრულფასოვანი მომსახურების მიღება. ანკეტაში მოსანიშნია შემდეგი პუნქტები:
- ხმა არ მიმიცია პუტინისთვის, ის დიქტატორია;
- ვგმობ რუსულ აგრესიაში უკრაინაში;
- ყირიმი უკრაინაა, ისევე, როგორც სხვა ოკუპირებული ტერიტორიები;
- აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა;
- საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ;
- საქართველოს ყოველი მე-12 მოქალაქე რუსეთის აგრესიის გამო დევნილია;
- მე მომწონს ფრაზა Руский военный корабль, иди на хуй;
- დიდება უკრაინას.
ჰაკერული თავდასხმის შემდეგ, საძიებო საიტ Google-ზე ბარს შეცვლილი აქვს სახელი და “დენაზიფიკაციის ბარი” ჰქვია, ასევე, ბარის საიტის ნაცვლად მითითებულია კრემლის გვერდი.
2 აგვისტოს “დედაენის ბარმა” პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერენ, რომ უკმაყოფილო რუსი მომხმარებლები მასობრივად, სოციალურ ქსელებში ბარს ნეგატიურ შეფასებებს აძლევენ.
“1-ვარსკვლავიანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას. ყველას გვჯერა ალბათ, რომ პუტინის რეჟიმს გამოექცა ის “ადამიანი”, რომელმაც Z დაგვიწერა ამაყად. რუსები უკმაყოფილოები არიან, რომ დედაენის ბარში ვიზის გარეშე არ შეუძლიათ შემოსვლა და პერსონალი მათთან რუსულ ენაზე საუბარს უარობს”. – წერია 2 აგვისტოს პოსტში.
ასევე, ბარის სოციალური ქსელების გვერდებზე და პირად შეტყობინებებში იწერება ნეგატიური კომენტარები და მუქარები.
მაგალითად ასეთი: “სამწუხაროა, რომ მედვედევმა მაშინ დაგინდოთ.”
და ასეთი:
“წინ პუტინ!! ქართველები კარგი, მაგრამ გზააბნეული ხალხია”.
“ნუ აბრაზებთ პუტინს, თორემ შემდეგები იქნებით”.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე პეტიციას რამდენიმე საათში ხელი 10 000-მა ადამიანმა მოაწერა, მაგრამ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება ირაციონალურია.
რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესების მოთხოვნით თავდაპირველად ოპოზიციური პარტია “ლელო” გამოვიდა.
პარტია ითხოვს დროებითი ზომების შემოღებას, “რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი.”
კონკრეტულად:
- შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის (უკრაინასთან საომარ მოქმედებებში მყოფი ქვეყნების მოქალაქეები);
- დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე (ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ);
- 30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის გაიცეს ვიზები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით.
ქვეყანაში 340 პროცენტითაა გაზრდილი რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც ივნისში საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს – ივნისში საქართველოში 135 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.