კობახიძე: ჩავატაროთ პლებისციტი, ვკითხოთ ხალხს, უნდათ თუ არა მეორე ფრონტის გახსნა
მეორე ფრონტი საქართველოში
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, რომ მათი გაცხადებული სურვილია საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი და ჩაერთოს იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც უკრაინაშია.
საპასუხოდ, კობახიძე გამოდის იდეით, ჩატარდეს პლებისციტი, სადაც საქართველოს მოსახლეობას კითხავენ, უნდათ თუ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში.
“ესაა მათი ღია გზავნილი. შეგვიძლია ჩავატაროთ პლებისციტი და ვკითხოთ ხალხს – უნდათ თუ არა, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, რასაც იტყვის ხალხი, შეიძლება იმას გავყვეთ, ვნახოთ, ხალხმა მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება. ეთანხმება უკრაინის მაღალჩინოსნებს, თუ ეთანხმება ჩვენს პოზიციას მეორე ფრონტის არ გახსნასთან დაკავშირებით.” – განაცხადა კობახიძემ.
● “HIMARS -ი მთავარი ფაქტორია” – რატომ აგებს რუსეთი დონბასისთვის ბრძოლას? იულია ლატინინას კომენტარი
● აბა ომი გინდათ?! – ვინ და რატომ აძლიერებს საქართველოში ომის ბუნებრივ შიშს? ექსპერტების შეფასებები
● როგორია სამყარო, რომელსაც პუტინი აშენებს
კობახიძის ეს განცხადება საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ ირონიად აღიქვეს და სერიოზულად არავინ განიხილა ამ თემაზე პებისციტის შესაძლებლობა, მაგრამ მას გაცილებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაში.
“საქართველოში დაუშვეს შესაძლებლობა, ჩაატარონ რეფერენდუმი რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის წინააღმდეგ”
“საქართველოს მმართველი გუნდი პასუხობს კიევის მოწოდებას, გახსნან მეორე ფრონტი”, – წერს რუსული მედია.


__________________________
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად იმეორებს, რომ “გარკვეულ ძალებს” [იგულისხმება უკრაინა და დასავლეთი] საქართველოში “მეორე ფრონტის გახსნა და ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ.”
საპარლამენტო უმრავლესობის ოთხმა წევრმა, იმისთვის რომ “სიმართლე თავისუფლად ეთქვათ”, მმართველი პარტია და საპარლამენტო თანამდებობები ფორმალურად 28 ივნისს დატოვეს და მოგვიანებით მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს.
ზემოხსენებულ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის “გახმოვანებისთვის მათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ”, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შეექმნათ.
“ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა პირველი განცხადებაც მალევე გამოაქვეყნეს, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტებმა უკვე უწოდეს ანტიდასავლური შეთქმულების თეორია. ყოფილი დეპუტატების თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, “თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა.”
წერილი გამოაქვეყნა თავად ბიძინა ივანიშვილმაც. მან დაადასტურა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს შედგა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“. თუმცა, ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რაზე ისაუბრა ამერიკის ელჩთან.
ივანიშვილთან შეხვედრა დაადასტურა კელი დეგნანმაც. ელჩმა განმარტა, რომ მათ შორის არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე. როგორც დეგნანი ამბობს, მათი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას.