სტოლტენბერგი: ქართველებმა ნათლად თქვეს, რომ სურთ ევროინტეგრაცია
იენს სტოლტენბერგი ევროინტეგრაციაზე
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა, რომ სურთ ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირება და დემოკრატიული კეთილდღეობა. ამის შესახებ მისი ყოველწლიური ანგარიშიდან ვიგებთ.
სტოლტენბერგი ასევე მიესალმა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, ე.წ. აგენტების კანონის გაწვევასთან დაკავშირებით და მოუწოდა ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს, ერთად იმუშაონ აუცილებელ რეფორმებზე.
“რა თქმა უნდა, NATO-ც მუშაობს საქართველოსთან ამ რეფორმების განსახორციელებლად, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, უსაფრთხოების სამსახურებზე დემოკრატიული კონტროლის გასაძლიერებლად და კორუფციის დასამარცხებლად. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა, რომ მათ სურთ საქართველოს დემოკრატიული კეთილდღეობა, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირება. NATO განაგრძობს ამ მისწრაფებებში პარტნიორობას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ აპრილში მოკავშირეები ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების გაზრდაზე შეთანხმდნენ, რათა მათ ინსტიტუტების გაძლიერებაში, შესაძლებლობების განვითარებასა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვაში დაეხმარონ.
● საპროტესტო ბანერები – აგენტების წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებიდან
● გაზი, წყლის ჭავლი, დაკავებები – მასშტაბური აქცია თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ. ქრონოლოგია და ბევრი ფოტო
● “ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით” – სალომე ზურაბიშვილი
17 თებერვალს ოცნების სატელიტმა “ხალხის ძალამ” პარლამენტში განსახილველად ორი კანონპროექტი დაარეგისტრირა – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და მეორე – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“. როგორც ამას პროცედურები ითვალისწინებს, ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი.
ამ ორიდან ერთი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი 7 მარტს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო. კანონის ინიციირებას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მოჰყვა. კანონპროექტის მიღების შემდეგ კი პროტესტი მრავალათასიან მიტინგებში გადაიზარდა, რომელიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. მომიტინგეებს დაუშინეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
ამ კანონპროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ყველა, მთავრობის გარდა, რუსულ კანონს უწოდებს და ამბობს, რომ მისი მიღება ქვეყნისთვის დიდი ბარიერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
საბოლოოდ, უმრავლესობამ უკან დაიხია და „რუსული კანონი“ მეორე მოსმენით ჩააგდო. „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა. რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ამ კანონის არმიღებით საზოგადოებამ “ხელიდან შანსი გაუშვა”.
“ქართულმა ოცნებამ” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა.