გახარია: მზად ვართ, დიალოგისთვის აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლებს ვუმასპინძლოთ
საქართველო მზად არის დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში – განცხადება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 სექტემბერს გაავრცელა.
„ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
•საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში, განახლებადი ინფორმაცია. რეპორტაჟები, ვიდეო/ფოტო
•საქართველო არ გახდება სამხედრო ტრანზიტის ქვეყანა – სესიაშვილი
გახარია მოუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.
მისი თქმით, საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან და სომხეთთან.
„ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ“, – აღნიშნავს პრემიერი.