საქართველო არ გახდება სამხედრო ტრანზიტის ქვეყანა - სესიაშვილი
“საქართველო არ მისცემს რომელიმე ქვეყანას საკუთარი ტერიტორიის სამხედრო მიზნებისთვის, მათ შორის ტრანზიტისთვის გამოყენების უფლებას” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს 29 სექტემბერს, ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განუცხადა.
„საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორია შეიძლება რომელიმე ქვეყანამ გამოიყენოს ტრანზიტისთვის, საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის, ამაზე ჩვენ ყველასთვის მკაფიო უარი გვაქვს გაცხადებული“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, საქართველოს მეზობლებმა ეს იციან და ამ მიდგომას პატივისცემით ეპყრობიან.
• ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები ყარაბაღის კონფლიქტზე. კომენტარები
• კომენტარი ბაქოდან: რა კავშირშია რუსეთი ყარაბაღში ვითარების გამწვავებასთან
„საქართველოს ერთგვარი ნეიტრალური პოზიციები აქვს ამ კონფლიქტთან მიმართებაში გასაგები მიზეზების გამო, რამდენადაც ჩვენ გამორჩეული კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ორივე სახელმწიფო უფრთხილდება ამ ჩვენს პოზიციებს“, – განაცხადა სესიაშვილმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ ქართული მხარე აანალიზებს სიტუაციას და ყველანაირი სცენარისთვის არის მზად.