ევროკავშირი ოცნებას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს
ევროკავშირის მოწოდება ქართულ ოცნებას
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს, რომ შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამი.
სტანოს თქმით, ევროკავშირი მხედველობაში მიიღებს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის მოხსნის შესახებ.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის გამო, ევროკავშირმა და რიგმა სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ავიაციას და ფრენები არ არის დაშვებული რუსეთიდან, რუსეთში ან მისი ტერიტორიის თავზე.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, რომლის შესახებ გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) რუსეთს აცნობა, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას.
ევროკავშირის სანქციების გამო, რუსეთის საჰაერო ფლოტის 95%-ს აღარ შეუძლია თავისი თვითმფრინავების განახლება და მოდერნიზება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად.“ – განაცხადა პიტერ სტანომ.
● “განხილულ უნდა იქნას სამთვიანი ვიზების დაწესება” – საქართველოს პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას ითხოვს
● კახა კალაძე მიესალმება რუსეთთან ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოვლას
● სენატორები შაჰინი და რიში: საქართველოს მთავრობის უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ზომების მიღება ვთხოვოთ
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დოკუმენტს 2023 წლის 15 მაისიდან. მეორე განკარგულებით კი, პუტინმა გააუქმა რუსეთიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა.
დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისს წარმოადგენენ „მოქალაქეები, რომლებიც შედიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
პუტინმა კიდევ ერთი განკარგულებით რუსეთის პრეზიდენტმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოიხსნა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენებიც შეწყვიტა.