კახა კალაძე მიესალმება რუსეთთან ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოვლას
კახა კალაძე მიესალმება რუსეთთან ფრენების აღდგენას
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მიესალმება, თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმი გაუქმდება და რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ ცალმხრივად იყო ყველაფერი გაკეთებული, სანქცირებული ჰყავდათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, შემოღებული იყო ვიზები, აკრძალული იყო პირდაპირი ფრენები. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი გადასაწყვეტია და მათ უნდა მიიღონ. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით, თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა კალაძემ.
● საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა და მათი უმეტესობა ომის შემდეგ დარეგისტრირდა – TI
● „თუ საზღვარს ჩაკეტავენ, ერთადერთი გზა დარჩება – გზა ომში“ . რუსეთიდან გამოქცეულების ისტორიები
● უკრაინიდან რუსეთის გავლით – უკრაინელი ლტოლვილების ბედი საქართველოში
22 მარტს რუსეთის დუმის დეპუტატმა, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან. თუმცა, კალაშნიკოვის თქმით, მისთვის რთული შესაფასებელია, როდის მიიღება ეს გადაწყვეტილებები და რა თანმიმდევრობით.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის მალე აღდგენის იმედი გამოთქვა და განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის 10 პროცენტით ზრდა დიდწილად რუსეთთან კავშირის დამსახურებაა.
სერგეი ლავროვმა ასევე განმარტა, რომ საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალს შორის დიალოგისთვის საჭირო მექანიზმები არსებობს, რომელშიც “რუსეთიც მონაწილეობს”. მისივე თქმით, მოსკოვი საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ურთიერთობების აშენების მომხრეა. ამის შესახებ ლავროვმა 2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ლავროვი აღნიშნავს, რომ დასავლური ქვეყნები და ინსტიტუტები ჟენევის ფორმატის უკრაინაში მიმდინარე მოვლენების “მძევლად ქცევას” ცდილობენ, რაც მისი აზრით, “პოლიტიკური წყენებითა და კაპრიზებითაა განპირობებული”.
2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სერგეი ლავორვმა შეაქო საქართველოს მთავრობა და თქვა, რომ ქვეყანა “დასავლეთის ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს.”
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ მიესალმება რუსეთთან ფრენების აღდგენას. ამის შესახებ პრეზიდენტმა საკუთარ ფეისბუქზე დაწერა.
“იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.” – წერს ზურაბიშვილი.