დონალდ და მელანია ტრამპები COVID-19-ით დაინფიცირდნენ
73 წლის დონალდ ტრამპმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მისი და მელანიას ტესტების პასუხი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. ამის გამო, საპრეზიდენტო წყვილი კარანტინში გადადის.
„ჩვენ ამას ერთად გავივლით“, – დაწერა მან.
ვარაუდობენ, რომ მომხდარში დამნაშავე 31 წლის ჰოუპ ჰიკსია, ტრამპის უახლოესი თანაშემწე. ის ერთადერთია აშშ-ის პრეზიდენტის გარემოცვაში, ვისმა ტესტმაც კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა.
ცოტა ხნის წინ, ტრამპი და ჰიკსი ერთად იმყოფებოდნენ პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე, როდესაც ოჰაიოს შტატში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე მიემგზავრებოდნენ. ორივე მათგანი პრინციპულ უარს აცხადებდა ნიღბის ტარებაზე.
•„მოკეტე, ბოლოს და ბოლოს!“ – ტრამპისა და ბაიდენის პირველი სატელევიზიო დებატები
• მოსაზრება: პუტინი ტრამპს იყენებს, ევროპა ყურადღებით უნდა იყოს
საერთოდ, მთელი პანდემიის განმავლობაში, დონალდ ტრამპი ამტკიცებდა, რომ კორონავირუსის საფრთხე გადაჭარბებულია და მასთან ბრძოლის მეთოდები გადაჭარბებულია.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ტრამპის ასეთმა გაუფრთხილებელმა და ანტისამეცნიერო პოზიციამ შეუწყო ხელი იმას, რომ აშშ განვითარებულ ქვეყნებს შორის ლიდერი გახდა ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობით.
აშშ-ის პრეზიდენტის პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ ახლა, საპრეზიდენტო წყვილი თავს ნორმალურად გრძნობს და დაავადება ტრამპს მოვალეობის შესრულებაში ხელს არ შეუშლის.
თუმცა, მთელი ამერიკული მედია თანხმდება, რომ ეს მოვლენა ზიანს მიაყენებს 2020 წლის 3 ნოემბრისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას.
მისი ძლიერი მხარე – წინასაარჩევნო მიტინგებზე ცოცხლად გამოსვლაა, რაც ახლა ტრამპისთვის შეუძლებელი იქნება.