„მოკეტე, ბოლოს და ბოლოს!“ - ტრამპისა და ბაიდენის პირველი სატელევიზიო დებატები
„მოკეტე, ბოლოს და ბოლოს!“ – რამდენჯერმე გაისმა ეს ფრაზა 29 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების, ტრამპისა და ბაიდენის სატელევიზიო დებატებისას. ტრამპმა არაერთხელ აგრესიულად შეაწყვეტინა ლაპარაკი თანამოსაუბრეს, ორივე ყვიროდა და ერთმანეთს მატყუარას უწოდებდა.
ღონისძიება კლივლენდში, ოჰაიოს შტატში გაიმართა. ის 90 წუთს გაგრძელდა და 6 თემას 15-15 წუთი დაეთმო: კანდიდატების პოზიციები გამოკითხვებში, უზენაესი სასამართლო, პანდემია, რასობრივი პროტესტი და ძალადობა ქალაქებში, არჩევნების სამართლიანობა და ეკონომიკა.
აშშ-ში, საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება, მანამდე კი ტრამპისა და ბაიდენის დებატების კიდევ ორი რაუნდი ჩატარდება.
• რუსეთის პრეზიდენტი მეექვსედ წარადგინეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე
• თვალსაზრისი: რატომ არ ენდობა ტრამპი არავის?
დისკუსიის მთავარი დეტალები
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რესპუბლიკური პარტია
ეჭვი შეიტანა მომავალი კენჭისყრის სამართლიანობაში.
საკუთარი საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნების პირობა დადო, რომლის 27 სექტემბერს, New York Times-ის მიერ გამოქვეყნებამაც დიდი სკანდალი გამოიწვია – გაირკვა, რომ ტრამპი საკანონმდებლო კაზუსით სარგებლობს და უფრო ნაკლებ გადასახადებს იხდის, ვიდრე რიგითი მასწავლებელი.
ისაუბრა არმიისა და პოლიციის მხარდაჭერაზე.
ჩინეთი დაადანაშაულა კორონავირუსის პანდემიაში.
კიცხავდა მოძრაობა „ანტიფას“ (ანტიფაშისტური საერთაშორისო მოძრაობა ექსტრემისტული შეხედულებებით) და არ გაემიჯნა თეთრი რასის უპირატესობის მომხრეებს.
ჯო ბაიდენი, დემოკრატიული პარტია:
7 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნისა და ეკონომიკის 1 ტრილიონი დოლარით გაზრდის პირობა დადო.
გააკრიტიკა ტრამპის სამედიცინო რეფორმის გეგმა.
პირობა დადო, რომ ოფიციალურ შედეგებამდე საკუთარ თავს პრეზიდენტად არ გამოაცხადებს.
დისკუსიის ყველაზე უხერხული მომენტები
ყველაზე აგრესიული შეტაკებები მოხდა მაშინ, როდესაც კანდიდატებმა ერთმანეთის ოჯახებზე დაიწყეს საუბარი.
კერძოდ, ტრამპმა პირდაპირ შეურაცხყო ბაიდენის შვილი ჰანტერი.
მან თქვა, რომ ჰანტერი არმიიდან კოკაინის მოხმარების გამო გააგდეს და როდესაც ბაიდენი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ვიცე-პრეზიდენტი გახდა – მისი შვილი „უკრაინაში, ჩინეთში, მოსკოვსა და სხვა ადგილებში გამდიდრდა“.
ბაიდენმა ხმას აუწია და ოპონენტს უპასუხა, რომ მისმა შვილმა დამოკიდებულება დაამარცხა – „იმათგან განსხვავებით, ვინც ტრამპს სახლში ჰყავს“.