პუტინის მოწინააღმდეგე რუსი მწერალი დმიტრი ბიკოვი, დაყოვნების შემდეგ, საქართველოში შემოუშვეს
დმიტრი ბიკოვს საქართველოში არ უშვებენ
განახლებული ინფორმაცია: რამდენიმესაათიანი დაყოვნების შემდეგ, დმიტრი ბიკოვი საქართველოში შემოუშვეს
პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუს მწერალს და დისიდენტს დმიტრი ბიკოვს საქართველოში არ უშვებდნენ. როგორც მან ტელეკომპანია “ფორმულას” უთხრა, მესაზღვრეებმა საბუთები ჩამოართვეს და უკვე 4 საათია ბათუმის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში იმყოფება.
“არაფერს გვეუბნებიან, არ გვიშვებენ ქალაქში, ბარგსაც არ გვაძლევენ. არანაირი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებიათ, გვითხრეს, რომ დაველოდოთ. ვერ გავიგე, რაზეა პრეტენზიები”, – ამბობს ბიკოვი.
დმიტრი ბიკოვი უკვე მრავალი წელია ვლადიმირ პუტინის ოპონენტია და ემიგრაციაში ცხოვრობს. ის ცალსახა პოზიციას იკავებს უკრაინის წინააღმდეგ ომში, ასევე 2008 წლის ომის დროს. მას არასდროს დაურღვევია ოკუპაციის კანონი და არასდროს ყოფილა აფხაზეთში.
“მე არასდროს ვყოფილვარ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ყოველთვის გამოვდიოდი ომის წინააღმდეგ, ცალსახა პოზიციას ვიკავებდი 2008 წლის აგვისტოს ომში. სავარაუდოდ, პუტინისტური ძალები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ჩემს გამოსვლებს საქართველოში. სრულიად არ მესმის, რატომ.” – თქვა ბიკოვმა.
● საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა და მათი უმეტესობა ომის შემდეგ დარეგისტრირდა – TI
● რუსეთიდან ნაღდი ფულით: რუსები გარბიან, საქართველოში ეკონომიკური ბუმია
● უკვე ხუთი თვეა, საქართველო ყველაზე მეტ ვიზიტორს რუსეთიდან იღებს
ბიკოვის საქართველოში არშემოშვების ფაქტს ფეისბუქზე ეხმაურება მწერალი ლაშა ბუღაძეც:
“ცნობილ ანტიპუტინისტ მწერალ (უცხოეთის აგენტად ყავს პუტინს გამოცხადებული) დიმიტრი ბიკოვს არ უშვებენ საქართველოში, ბათუმის აეროპორტშია უკვე 4 საათზე მეტია, გამოართვეს პასპორტი და არაფერს ეუბნებიან. ცოლთან და 2 წლის შვილთან ერთადაა… წყალიც კი არ მიუციათ მისთვის. ესაა უდიდესი სირცხვილი – ბიკოვი არის საქართველოს პატრიოტი, მას არასდროს დაურღვევია ოკუპაციის კანონი.”
ბოლო თვეებში, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან კრემლის ბევრ კრიტიკოსს უთხრეს უარი საქართველოში შემოშვებაზე – მიზეზების ახსნის გარეშე.
5 სექტემბერს კრემლის კრიტიკოსი რუსი ფოტოჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი საქართველოში არ შემოუშვეს.
20 ივლისს ქვეყანაში არ შემოუშვეს რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ის სომხეთის გავლით საქართველოში მოდიოდა, თუმცა სადახლოს გამშვებ პუნქტზე, მას ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.
აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს საქართველომ არ შემოუშვა საზღვარზე ყაბარდო-ბალყარელი ბლოგერი, ინსა ლანდერი, რომლის წინააღმდეგ რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
როდესაც ლანდერმა საზღვრის გადაკვეთა სცადა, ქართველმა მესაზღვრეებმა ის დააკავეს, კაბინეტში შეიყვანეს და ორი საათის განმავლობაში კითხავდნენ. საბოლოოდ მას მისცეს დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ საზღვრის გადაკვეთაზე უარს ეუბნებოდნენ “სხვა მიზეზების გამო”.
რუსული ოპოზიციური ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტმა მიხაილ ფიშმანმა 5 მარტს, საქართველოში თავისი წარუმატებელი მოგზაურობის დეტალების შესახებ ისაუბრა. ის ქვეყანაში არ შემოუშვეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან გააბრუნეს. საზღვარზე ფიშმანს უარის მიზეზები არ განუმარტეს.
31 იანვარს, საქართველოში არ შემოუშვეს რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი. მანამდე საქართველოში არ შემოუშვეს რუსი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი და ჟურნალისტი ილია აზარი, ასევე, უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი.
საქართველოს საზღვრიდან უკან გააბრუნეს რუსული დამოუკიდებელი აქტივისტური მედიაჯგუფის, “მედიაზონის” ჟურნალისტი დევიდ ფრენკელიც.
გარდა ამისა, ასევე მიზეზების ყოველგვარი ახსნის გარეშე საქართველოში არ შემოუშვეს რამდენიმე რუსული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომლებიც საჯარო საქმიანობას არ ეწევიან და მათი სახელები უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. ამასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ არც სამართალდამცავ სტრუქტურებში და არც საქართველოს მთავრობაში.