"მედიაზონის" ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
რუსული დამოუკიდებელი აქტივისტური მედიაჯგუფის, “მედიაზონის” ჟურნალისტი დევიდ ფრენკელი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ Twitter-ზე მისმა მეუღლემ დაწერა.
“საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, 40 საათი გზაში ვიყავით, 2 დღე ველოდით მის გახსნას ზვავსაშიშროების შემდეგ. 8 საათი ვიდექით რუსეთის მხარეს, 14 საათი ველოდით ქართულ მხარეს მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემს ქმარს, ჟურნალისტ დევიდ ფრენკელს აეკრძალოს საქართველოში შესვლა ფორმულირებით “სხვა მიზეზი.” – წერს ვარვარა მიხაილოვა.
თავად ფრენკელის თქმით, მესაზღვრეებმა არ იცოდნენ, რა უნდა ექნათ, რადგან პასუხს “ზემოდან ელოდნენ.”
“მომწონს საქართველოს ხელისუფლება როცა ამბობს, რომ გადაწყვეტილებებს მესაზღვრეები ადგილზე იღებენ. 14 საათის განმავლობაში ისინი სადღაც რეკავდნენ, მხრებს იჩეჩავდნენ და ხანდახან ბოდიშსაც კი იხდიდნენ, რომ თვითონაც არ იცოდნენ და პასუხს სადღაც ზემოდან ელოდებოდნენ. საბოლოო ჯამში – უარი. არ გვაჭამეს, მაგრამ შეცოდების გამო, დივანთან მიგვიშვეს.” – ამბობს ფრენკელი.
● ელიან თუ არა საკუთარი ქვეყნიდან გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში?
● გია ნოდია: თუ გაჭირვების მომენტში ვინმეს იმედი მაინც გვაქვს, ისევ ამერიკა, ევროპა, დასავლეთია
● რატომ არის პუტინის ომი დასავლეთის ყველაზე დიდი გამოცდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
ბოლო თვეებში, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან კრემლის ბევრ კრიტიკოსს უთხრეს უარი საქართველოში შემოშვებაზე, მიზეზების ახსნის გარეშე.
რუსული ოპოზიციური ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტმა მიხაილ ფიშმანმა 5 მარტს, საქართველოში თავისი წარუმატებელი მოგზაურობის დეტალების შესახებ ისაუბრა. ის ქვეყანაში არ შემოუშვეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან გააბრუნეს. საზღვარზე ფიშმანს უარის მიზეზები არ განუმარტეს.
31 იანვარს, საქართველოში არ შემოუშვეს რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი. მანამდე საქართველოში არ შემოუშვეს რუსი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი და ჟურნალისტი ილია აზარი, ასევე, უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი.
გარდა ამისა, ასევე მიზეზების ყოველგვარი ახსნის გარეშე საქართველოში არ შემოუშვეს რამდენიმე რუსული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომლებიც საჯარო საქმიანობას არ ეწევიან და მათი სახელები უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. ამასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ არც სამართალდამცავ სტრუქტურებში და არც საქართველოს მთავრობაში.