საქართველო არ უშვებს საზღვარზე რუსეთში დევნილ ბლოგერს
საქართველო არ უშვებს საზღვარზე რუსეთში დევნილ ბლოგერს
საქართველო არ უშვებს საზღვარზე ყაბარდო-ბალყარელ ბლოგერს, ინსა ლანდერს, რომლის წინააღმდეგ რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ “თავისუფალი რუსეთის” ფონდი ავრცელებს. ლანდერი რუსეთში შინაპატიმრობიდან გაიქცა და უკვე რამდენიმე დღეა, ღამეს საზღვართან ათევს.
„ქართველი მესაზღვრეები ინსას თითქმის ხუთი დღეა არ უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ მას რუსეთში პატიმრობა ემუქრება. ის ღამეს ორ ქვეყანას შორის ნეიტრალურ ზონაში ატარებს. მას არ აქვს საკვები და წყალი. ცოტაოდენი საკვებით მას ეხმარებიან ადამიანები, რომლებიც თავად კვეთენ საზღვარს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
12 ივნისს, როდესაც ლანდერმა საზღვრის გადაკვეთა სცადა, ქართველმა მესაზღვრეებმა ის დააკავეს, კაბინეტში შეიყვანეს და ორი საათის განმავლობაში კითხავდნენ. საბოლოოდ მას მისცეს დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ საზღვრის გადაკვეთაზე უარს ეუბნებოდნენ “სხვა მიზეზების გამო”.
როგორც თავად ლანდერმა თქვა, მას ასევე არწმუნებდნენ, რომ რუსეთში დაბრუნებულიყო შემდეგი სიტყვებით: ”თქვენ ხომ არ გინდათ, რომ ძალით დაგიბრუნონ?”
ერთმა მესაზღვრემ კი მას წაართვა განცხადება, სადაც ის საქართველოს მთავრობას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. ინსა ლანდერი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით.
საქმე რვა წლის წინანდელ მიმოწერას ეფუძნება – რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მიიჩნევს, რომ 2014 წლის 19 იანვრიდან 24 აპრილამდე, ინსა აწარმოებდა Vkontakte-ზე მიმოწერას თავის ნაცნობთან, უმარ დუგუჟევთან, რათა ჩაეთრია იგი ტერორისტულ საქმიანობაში.
როგორც გამოცემა “ტაბულას” სახალხო დამცველის აპარატში უთხრეს, ომბუდსმენს ლანდერთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა და აპარატი ბლოგერის საქმეს სწავლობს. ხოლო შსს-ს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ბოლო თვეებში, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან კრემლის ბევრ კრიტიკოსს უთხრეს უარი საქართველოში შემოშვებაზე, მიზეზების ახსნის გარეშე.
რუსული ოპოზიციური ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტმა მიხაილ ფიშმანმა 5 მარტს, საქართველოში თავისი წარუმატებელი მოგზაურობის დეტალების შესახებ ისაუბრა. ის ქვეყანაში არ შემოუშვეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან გააბრუნეს. საზღვარზე ფიშმანს უარის მიზეზები არ განუმარტეს.
31 იანვარს, საქართველოში არ შემოუშვეს რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი. მანამდე საქართველოში არ შემოუშვეს რუსი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი და ჟურნალისტი ილია აზარი, ასევე, უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი.
საქართველოს საზღვრიდან უკან გააბრუნეს რუსული დამოუკიდებელი აქტივისტური მედიაჯგუფის, “მედიაზონის” ჟურნალისტი დევიდ ფრენკელიც.
გარდა ამისა, ასევე მიზეზების ყოველგვარი ახსნის გარეშე საქართველოში არ შემოუშვეს რამდენიმე რუსული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომლებიც საჯარო საქმიანობას არ ეწევიან და მათი სახელები უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. ამასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ არც სამართალდამცავ სტრუქტურებში და არც საქართველოს მთავრობაში.