დანიელსონის თქმით, ის მოლაპარაკებების მაგიდაზე თავის წინადადებებს ხვალ დადებს
კრისტიან დანიელსონის თქმით, ის მოლაპარაკებების მაგიდაზე თავის წინადადებებს ხვალ დადებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დემოკრატია ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს:
“დღეს რამდენიმე შეხვედრა გავმართე პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, რათა ხვალ ყველა პარტიას შევხვდე. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო გზების მოძიება, რათა ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო.“
მისივე თქმით, დემოკრატია საჭიროებს, რომ მხედველობაში სხვა მხარის ინტერესებიც იყოს მიღებული – ეს ყველა მხრიდან დათმობას ნიშნავს. რაც შეეხება პროცესს, დანიელსონის თქმით, მან პარტიების ლიდერებს უთხრა, რომ მაგიდაზე კონკრეტული წინადადებები ხვალ დაიდება:
“შორს რომ გავიხედოთ, ჩემი აზრით, მთავარია მოვაგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება. რა თქმა უნდა, სხვა საკითხებიც იქნება განხილული და ხვალ ჩვენ ამას წარვადგენთ.”
დიპლომატმა პარტიებს მოუწოდა დოკუმენტზე ხელმოწერის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ.
“მინდა გაგახსენოთ, რომ თუ შეთანხმება შედგება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. მთავარი გამარჯვებული იქნება – საქართველოს ხალხი. დღეს მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომ უზრუნველყონ საქართველოს ხვალინდელი გამარჯვება”, – აღნიშნა დანიელსონმა.
___________________________________
● აშშ-ს სენატმა საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელა და სავარაუდოდ, მალე რეზოლუციას მიიღებს
● ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. შემაჯამებელი აქცია 15 მაისს გაიმართება
● შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არ შედგა. პოლიტიკურ კრიზისს ბოლო არ უჩანს
_________________________________
კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან შეხვედრები დღეს განაახლა. მედიატორი ჯერ პრემიერს, შემდეგ კი პრეზიდენტს ესაუბრა, დღის ბოლოს კი დანიელსონი ოპოზიციას შეხვდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი თბილისს უკვე მეორედ ეწვია.
მისი პირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმებით ვერ დასრულდა.
დანიელსონი საქართველოში დაგეგმილზე სამი დღით მეტ ხანს დარჩა, რადგან მოლაპარაკებებში მიღწეული არასაკმარისი პროგრესის გამო ევროპელმა დიპლომატმა ვიზიტი გაახანგრძლივა.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ წითელი ხაზები პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე გადის, ხოლო ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ.