ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. შემაჯამებელი აქცია 15 მაისს გაიმართება
ოპოზიცია რეგიონებში გასვლას და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლას გეგმავს. ასევე, იგეგმება შემაჯამებელი საპროტესტო აქცია 15 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე.
ოპოზიციის თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქართულმა ოცნებამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები ჩააგდო, მათ შორის, არ გაითვალისწინა დასავლელი პარტნიორების მედიაცია.
“ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია რეგიონებსა და თბილისში. ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს მოხდება 15 მაისს”, – განცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.
ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, თუ არჩევნები არ დაინიშნება შეთანხმებით, დაინიშნება იძულებით.
“იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა. ამას სჭირდება რამდენიმე თვე, ამას სჭირდება მომზადება. ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ სტრატეგიული მოთმინებით”, – თქვა უგულავამ.
_______________________________
● მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. დანიელსონი საქართველოს დღეს დატოვებს
● პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, თბილისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ჩამოვიდა
● რუსეთის საგარეო დაზვერვა: აშშ გაღიზიანებულია “ოცნებით”, რომელიც უსიტყვოდ არ მიჰყვება დასავლურ კურსს
● ყოფილი ელჩები და დიპლომატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლონ ნიკა მელია
● ირაკლი ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნები არ განიხილება
_____________________________________
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვა.
ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა თებერვალში ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ.
პოლიტიკური პროცესები ახლა ქუჩაში ვითარდება, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აწყობენ პერმანენტულ მიტინგებს ორი მთავარი მოთხოვნით: გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ქვეყანას კი ისტორიაში პირველად ჰყავს თითქმის ერთპარტიული პარლამენტი.
პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის პოვნა ვერ შეძლეს ქვეყანაში აკრედიტებულმა დიპლომატებმა, რომლებმაც პროცესებში ფასილიტატორის როლს ასრულებდნენ. და ვერც ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა – საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იყო ჩამოსული, ასევე ბრიუსელში იყო მიწვეული ვითარების განსახილველად პრემიერი ღარიბაშვილი. ყველა შეხვედრა და რაუნდი უშედეგო აღმოჩნდა.