ცხინვალის ციხეში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციებს გეგმავს
ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს და აქციებს აანონსებს. მათი თქმით, აქციები უქმეების დასრულების შემდეგ დაიწყება. გახელაძის ცოლის, ირმა ბუთხუზის თქმით, თვეებია მისი ქმრის საქმეზე წინსვლა არაა.
“9 თვე, ფაქტობრივად, იმედებში გავატარეთ. ყოველი შეხვედრიდან შეხვედრამდე ველოდით, რომ რაღაც შეიცვლებოდა, წინსვლა იქნებოდა, მაგრამ უშედეგოდაა ეს ყველაფერი. ეს უქმეები რომ დამთავრდება, ჩვენ გავალთ და ჩავატარებთ მასშტაბურ აქციებს. ჩვენ გარშემო 7 სოფელია, ფეხზე არიან, როგორმე რამე ეშველოს, ყველა გვერდში გვიდგას”, – ამბობს ირმა ბუთხუზი.
ზაზა გახელაძის დედის, ნანა ბუნტურის თქმით, მათ კომუნიკაცია სახელმწიფო უსაფრთოხოების სამსახურთან საერთოდ აღარ აქვთ.
“აქამდე, რეკავდნენ სუს-ის წარმომადგენლები, რომ ცხელი ხაზი გავააქტიურეთ და ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგიაო. ახლა იციან, რომ ფეხი მოურჩა, ახალგაზრდა კაცია და შიმშილით არა კლავენ, ალბათ. ცოცხალია და რა მნიშვნელობა აქვს, როგორაა. ის, როგორაა, მე კი ვიცი”, – ამბობს გახელაძის დედა.
________________________________
● აქცია ენგურის ხიდთან: აქტივისტები აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებას ითხოვენ
● ცხინვალის ციხიდან გამოუშვეს კაცი, რომელსაც ღამურების შეგროვებას აბრალებდნენ
● უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები შიდა პროცესებში ჩარევას ცდილობდნენ
______________________________
5 თებერვალს ცხინვალის სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქეს ზაზა გახელაძეს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 34 წლის ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიდამოებში რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს.
სხვილოს ციხე ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს, რომელიც ცხინვალს დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფს.
დაკავებისას გახელაძე ფეხში დაჭრეს. ოსური მხარის ვერსიით, გახელაძემ წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რომლებიც მის დაკავებას ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო ცდილობდნენ და სანადირო თოფიდან სულ მცირე ხუთჯერ გაისროლა. ცხინვალი ამბობს, რომ გახელაძე სწორედ ამ გასროლის საპასუხოდ დაჭრეს.
გახელაძე ცხინვალის სასამართლომ ორი მუხლით ცნო დამნაშავედ – სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
ქართულმა მხარემ ზაზა გახელაძის გათავისუფლება გასული წლის ოქტომბერში ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.
გენადი ბესტაევი 2019 წელს დააკავეს, მას საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის დარღვევას და ნარკოტიკის კონტრაბანდას ედავება. მისჯილი აქვს 3-წლიანი პატიმრობა.
ლიახვის ხეობიდან დევნილ ლაშა ხეთერელს ოკუპანტები ასევე ედავებიან “საზღვრის დარღვევას”. ის ერთწლიან უკანონო სასჯელს იხდის. ის ამ ბრალდებით ადრეც იყო დაკავებული.
_____________________________