აზერბაიჯანში კარანტინი 31 აგვისტომდე გააგრძელეს
აზერბაიჯანში კორონავირუსით ყოველდღიურად ინფიცირების მაღალი რიცხვის გამო მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 31 აგვისტომდე გაახანგრძლივეს, თუმცა, შეზღუდვების ნაწილი 5 აგვისტოდან მოიხსნება.
21 ივნისიდან ბაქოში და კიდევ რამდენიმე ქალაქში სახლიდან გასვლა ხელისუფლებისგან სპეციალური SMS-ნებართვის მიღების გარეშე არ შეიძლება. დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. აკრძალულია პარკებში და პლაჟებზე გასვლა.
• პანდემიის დროს აზერბაიჯანში ვერ დაბრუნდნენ – უბედურება თუ გამართლება?
• როგორ ცხოვრობს 800 კაციანი ქორწილების გარეშე დარჩენილი მარნეული
• NDI: გამოკითხულთა 53%-ს სჯერა, რომ რწმენა ადამიანს კორონავირუსისგან იცავს
• კორონავირუსი სომხეთში: რატომ ვერ გაუმკლავდა ქვეყანა ეპიდემიას
5 აგვისტოდან უქმდება ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვა – SMS-ნებართვის სისტემა.
ნებადართული იქნება პლაჟებზე გასვლაც, თუმცა, გარკვეული შეზღუდვებით. სანაპიროზე გასვლის მსურველებმა ჯერ რეგისტრაცია უნდა გაიარონ სპეციალურ ვებგვერდზე – cimerlik.az-ზე, შემდეგ კი სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით ისეთი ადგილი შეარჩიონ, სადაც ხალხმრავლობა არ იქნება.
პლაჟები ღია იქნება დილის 8-დან საღამოს 9 საათამდე.
სხვა საკარანტინო შეზღუდვები ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება.
კვლავინდებურად არ იმუშავებს უქმეებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კაფეებსა და რესტორნებში კი მხოლოდ შეკვეთების ადგილზე მიტანის სერვისი იმოქმედებს.
უცვლელი რჩება საქმიანობისა და მომსახურების დაშვებული და აკრძალული სფეროები, რომლებიც დაფიქსირებულია აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის 2020 წლის 19 ივნისის სხდომაზე. მათ შორის:
• აკრძალულია ქორწილების ჩატარება.
• აკრძალულია სარიტუალო მომსახურებები, მათ შორის, დახურულ შენობებში ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარება. გამონაკლისია მხოლოდ დაკრძალვა.
ოპერატიული შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიკრიბონ 5 კაცზე დიდ ჯგუფებად, დაიცვან სოციალური დისტანცია და გამოიყენონ პირბადე.
კარანტინის გაგრძელების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ქვეყნდება სარკაზმით სავსე პოსტები და ბევრი მიანიშნებს, რომ კარანტინი ასე სწრაფად არ დასრულდება.
«არალოგიკურ გადაწყვეტილებებს მივყავართ იქამდე, რომ ადამიანებს არ სჯერათ პანდემიის. ეს გადაწყვეტილებები ფაქტობვრივად, ბუნტისკენ მოწოდებაა. ჩვენ ნამდვილად მოთმინებას ვიჩენთ».
«რატომ არის ასეთი რთული ვირუსთან გამკლავება იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც 30 წელია ქვეყნის სათავეშია? როგორ ახერხებს ამას საქართველო?»
«ჩვენ იმდენად მკაცრად შევედით კარანტინში, რომ გამოსვლა აღარ შეგვიძლია. მთელი მსოფლიო შეუზღუდავად დადის ყველგან, ჩვენ კი ზაფხულის ბოლოს პლაჟების გახსნას ვზეიმობთ».