აშშ-ს საელჩო საქართველოს ხელისუფლებას პასუხობს: ჩვენი დახმარება არაპარტიულია
აშშ-ს საელჩო ხელისუფლებას პასუხობს
აშშ-ს საელჩო საქართველოში მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით “ქართული ოცნებას” პასუხობს და ამბობს, რომ მათი დახმარება აპოლიტიკური და არაპარტიულია.
“30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლის კობახიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში აღარ გაემგზავრება, ამბობს, რომ ამერიკის საელჩო “ნაციონალური მოძრაობის” მეთოდებით არ მოქმედებს და სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას არასოდეს იკადრებდა.
კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ თუ საელჩო განცხადებას არ გაავრცელებს, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება, მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო.
საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, როდესაც ამ შინაარსის განცხადება ვრცელდება, ეს არის ზუსტად იმის დადასტურება, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია იტყუებოდა და ბრალს სდებდა დანაშაულში ამერიკის საელჩოს, რაც არის სრულიად მიუღებელი მოვლენა:
“თუ რამე არის ანტიდასავლური კამპანია, ეს არის ის, როდესაც ოპოზიცია ამერიკის საელჩოს ბრალს სდებს სასამართლოზე ზეწოლაში. ეს არის ანტიდასავლური კამპანია და ეს აღარ უნდა განმეორდეს. ამას პასუხი გაეცა ცალსახად. ბუნებრივია, ამერიკის საელჩო ვერ იკადრებდა სასამართლოზე ზეწოლას, გამორიცხულია.”
კითხვაზე, რატომ ვერ წავიდა ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყველაფერს მოეფინება ნათელი.
“ერთადერთი, რა ინფორმაციაც გაქვთ თქვენ, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებული რაღაც ამბები, მეტი არაფერი. ეს არის და ეს. დანარჩენს ყველაფერს მოეფინება ნათელი.“ – აღნიშნა კობახიძემ.
16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს ქვეყნის ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ტელეკომპანიის, “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. კრიტიკული მედიის ხელმძღვანელს სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ეპიზოდზე, რომელშიც მას სამსახურებრივი მანქანის ოჯახის საჭიროებებისთვის გამოყენებას ედავებიან.
დამოუკიდებელი ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გვარამიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
მკაცრს შეფასებას აკეთებს აშშ-ის საელჩო – ის პროცესში “შერჩევით გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკას ხედავს, მიმართულს ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ”.
ხოლო საქართველოს ოთხი ოპოზიციური ტელევიზიის მენეჯერები მოუწოდებენ დასავლეთს, არ მისცეს საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს საბოლოოდ მოკლას დემოკრატია ქვეყანაში.