აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან: აქტივისტები ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ
სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. მათი მოთხოვნა მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრაა. აქციას სამინისტროსთან ხმაური მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.
“მკვლელო, ოროსანო ტიკარაძე, გამოდი და შეხვდი ხალს”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, “აფეთქებული პანდემიის” პირობებში მოთმინება დანაშაულია:
“მოვედით და ჩამოვიდეს. ის აუცილებლად უნდა გადავაყენოთ, თორემ ხალხი იხოცება, სასწრაფოებს ვერავინ ვეღარ მიჰყავთ. ამბობს, რომ საწოლები გვაქვს, მაგრამ შიგნით არავის არ აწვენენ. ავადმყოფი არის უამრავი, ააფეთქეს პანდემია და ეს არ უნდა დავუშვათ”.
_________________
● საქართველოში ინტენსიური ტესტირება იწყება
● კოვიდ-კლინიკაში მომუშავე ექიმების და ექთნების მონოლოგები
● ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა გამორიცხული არაა
__________________
რამდენიმე დღის წინ, საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგო გარდაიცვალა. დედის თქმით, პაციენტი ჰოსპიტალში 6 დღის განმავლობაში არ გადაჰყავდათ, რის შემდეგაც, ერთი ადგილი “ნაცნობობით”, როგორღაც იპოვეს.
გარდაცვლილის დედა, ირმა ხელაშვილი აცხადებდა, რომ გოგონას დიაბეტი ჰქონდა და თხოვნის მიუხედავად, ის კლინიკის ნაცვლად, კოვისსასტუმროში გადაიყვანეს.
მანამდე, 25 ნოემბერს, ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში კოვიდინფიცირებული მამა-შვილი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებისა და ექიმის თქმით, კლინიკაში მისულ კაცს მიღებაზე უარი უთხრეს.
24 წლის ნინო გულიკაშვილი გარდაიცვალა დღეს, მცხეთის საავადმყოფოში. როგორც ოჯახი აცხადებს, გოგონას კოვიდი მხოლოდ მესამე ტესტის შემდეგ დაუდასტურდა, ამიტომ ფიქრობენ, რომ ის კორონავირუსით, სავარაუდოდ, საავადმყოფოში დაინფიცირდა.
ოჯახის წევრები მცხეთის სამედიცინო ცენტრში პაციენტის მიმართ უყურადღებობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ გოგონას მხოლოდ საძილე საშუალებებს უკეთებდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნულ შემთხვევებზე ამბობენ, რომ აუცილებლად მოიკვლევენ.
_____________
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 45 ადამიანი.
● სულ საქართველოში დადასტურებული: 147 636
აქედან:
● გარდაცვლილი – 1 387
● გამოჯანმრთელებული – 124 568
● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 21 655