ამირან გამყრელიძე: პიკი იქნება აპრილის ბოლოს, ყველა დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება
საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ყველა დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება, ახლის დაწესება კი ამ ეტაპზე არ იგეგმება, ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს. მათივე თქმით, პიკი აპრილის ბოლოს – მაისის პირველი 2 კვირის განმავლობაში გველოდება.
ასევე, ძალაში რჩება კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე და შაბათ-კვირას კვების ობიექტები კვლავ მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებენ.
მთავრობა მოუწოდებს საჯარო და კერძო სექტორებს მაქსიმალურად ეცადონ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. მათი თქმით, რეკომენდირებულია ხანდაზმული მოქალაქეები მაქსიმალურად დარჩნენ სახლში.
სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, საქართველო პიკში შევა აპრილის ბოლოს – მაისის პირველი 2 კვირის განმავლობაში.
“გაუარესებულია ეპიდსიტუაცია. ალბათ მოსალოდნელია მისი კიდევ უფრო ზრდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აღდგომის პერიოდში, სასურველია, მრევლი იყოს ტაძრებს გარეთ:
“აღდგომის წინა დღეებში ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ტაძრებში დაცული იყოს რეკომენდაციები – როგორც შიგნით ტაძრებში, ისე გარეთ აუცილებლად გამოვიყენოთ პირბადე, ასევე, დისტანციის დაცვა, სანიტარული წესების დაცვა.
აღდგომა მაისშია, ამ დროს თბილა და სასურველია, მრევლი იყოს გარეთ. ეს საშუალებას მოგვცემს, არ იყოს გავრცელების ზედმეტი რისკი. დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს წესები ყველგან იყოს დაცული”.
ასევე, მთავრობა არ გეგმავს აღდგომის დღესასწაულზე კომენდანტის საათის მოხსნას.
“ჯერჯერობით რაიმე გადაწყვეტილება რომელიმე სახის აკრძალვაზე მიღებული არ არის, თუმცა ჩვენ კიდევ გასავლელი გვაქვს კიდევ 10 დღე, სანამ მივალთ სააღდგომო დღესასწაულებამდე და ეს 10 დღე ხშირ შემთხვევაში ცვლის ეპიდემიურ სურათს. ასე რომ უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. დამატებით შეზღუდვებზე შესაძლოა დადგეს საკითხი, ამას ვერ გამოვრიცხავთ დღევანდელი მდგომარეობით”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
_________________________________
● NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
● საპატრიარქო არ ჩაერთვება ვაქცინაციის პროპაგანდაში – ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქს შეხვდა
● 30 მარტიდან საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინით აცრა დაიწყო
__________________________________
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID 19-ის 1310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 12 ადამიანი.
პარალელურად, საქართველოში, კორონავირუსზე ვაქცინაცია ნელი ტემპებით მიმდინარეობს.
ქვეყანაში ამჟამად ორი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი – “ფაიზერი” და “ასტრაზენეკა”. რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში შემოვიდა ჩინური ვაქცინის 100 000 დოზაც, თუმცა მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ გამოიყენებენ.
საქართველო კორონავირუსის პანდემიის გამო შარშან, მარტში ჩაიკეტა. თუმცა მანამდე, 2019 წელს, საქართველოს 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია და ტურიზმმა ჯამში ქართულ ეკონომიკას 3.2 მილიარდი დოლარი მოუტანა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.