30 მარტიდან საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინით აცრა დაიწყო
დღეიდან, 30 მარტიდან, საქართველოს მოქალაქეებს გერმანულ-ამერიკული”ფაიზერ-ბიონტეკის” ვაქცინით აცრა შეუძლიათ.
25 მარტს ქვეყანაში 29 ათას 250 დოზა “ფაიზერის” ვაქცინა შემოვიდა, რომელიც 14 ათასზე მეტ ადამიანზე გადანაწილდება. ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, ორ-სამ კვირაში მათ მეორე დოზა გაუკეთდებათ.
“ფაიზერის” ვაქცინით ასაცრელად რეგისტრაცია 25 მარტს დაიწყო. რეგისტრაცია შეეძლოთ მხოლოდ ჯანდაცვის მუშაკებს და 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს.
თბილისისთვის გამოყოფილი კვოტები პირველივე დღეს დაიჯავშნა. ბათუმსა და ქუთაისში შედარებით ნელა მოხდა რეგისტრაცია, თუმცა ამ დროისთვის “ფაიზერის” ყველა დოზა დაჯავშნულია.
„ფაიზერით“ ვაქცინაცია საქართველოს მასშტაბით მხოლოდ სამ ქალაქში და ექვს კლინიკაში ხდება – თბილისში ოთხ კლინიკაში და ასევე ქუთაისის და ბათუმის კლინიკებში.
“ფაიზერის” პირველი დოზით ვაქცინაცია 14 აპრილამდე გაგრძელდება, მეორე დოზის გასაკეთებლად ვიზიტს ექიმი ინდივიდუალურად დაუნიშნავს ყველა პაციენტს. მეორე დოზა დაახლოებით 2-4 კვირაში უნდა გაკეთდეს.
აშშ-ში ჩატარებულ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული კვლევის შედეგების თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღებიდან ორი კვირის ან მეტი დროის გასვლის შემდეგ ინფიცირების რისკს 80 პროცენტით ამცირებს, მეორე დოზის შემდეგ კი 90 პროცენტით.
დაახლოებით იგივე ეფექტურობას აჩვენებს ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული “ასტრაზენეკას” ვაქცინა, რომელიც ასევე არის საქართველოში.
