ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს
‘ალექსი პეტრიაშვილს, ოპოზიციური თავისუფალი დემოკრატების წევრს თავს დაესხნენ. მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს,’ _ იტყობინება შსს 26 თებერვალს.
შსს და დაჭრილის მეუღლე, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე აცხადებენ,რომ ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თავისუფალი დემოკრატების დეპუტატმა ნინო გოგუაძემ Civil.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ამჟამად ალექსი პეტრიგანაცხაშვილს ოპერაცია უტარდება და, როგორც ექიმები ამბობენ, მას სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები არ აღენიშნება.
შემთხვევა მოხდა, როდესაც ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის _ ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოზე. მომხდარის შესახებ პოლიციას ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებმა მოქალაქემ აცნობა.
შსს ფაქტის თვითმხილველებს, „დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით“, თანამშრომლობისკენ მოუწოდებს; სისხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით არის აღძრული.
მომხდარის გახმაურებამდე რამდენიმე საათით ადრე ალექსი პეტრიაშვილმა, რომელსაც 2014 წლის ნოემბერში ოპოზიციაში გადასვლამდე ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა, თავის facebook-ის გვერდზე გარდაცვლილი ლევან მიქელაძის დაბადების დღის მისალოცი პოსტი გამოაქვეყნა.