აფხაზეთი: ციხეში გოგონას გარდაცვალება სკანდალის მიზეზი გახდა
აფხაზეთში, ციხეში პაემანზე მისული გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა გახდა. გამოძიება ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ დაიწყო.
19 წლის ამანდა სიჭინავა 25 ოქტომბერს, საღამოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების ცენტრში (დრანდის ციხე) ბრალდებულ აინარ ზუხბასთან გრძელვადიანი პაემნისთვის მივიდა. მეორე დილით ზუხბამ გაიღვიძა და დაინახა, რომ მისი სტუმარი გარდაცვლილი იყო.
• აფხაზეთი ხარჯებს ამცირებს – მომავალ წელს საჯარო მოხელეებისთვის მანქანებს აღარ იყიდიან
• მოსაზრება: აფხაზეთი – დროა, ანგარიში გავასწოროთ
ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო, ხოლო გენერალურმა პროკურატურამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე საგამოძიებო იზოლაციის ცენტრის უფროსის მოადგილის, დიმიტრი მიქვაბიას წინააღმდეგ, რომელიც გოგონას გარდაცვალების დღეს დრანდას ციხეში მორიგეობდა.
საგამოძიებო ორგანოს მიაჩნია, რომ მიქვაბიამ განზრახ ჩაიდინა ქმედებები, რომლებიც აშკარად სცდება მის უფლებამოსილებას. კერძოდ, სასამართლოს ნებართვისა და ვიზიტორის პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე, ამანდა სიჭინავა პატიმართან შეხვედრაზე შეუშვა, იმის მიუხედავად რომ გოგონასა და პატიმარს შორის ოჯახური კავშირი არ არსებობდა.
სოციალური მედიის მომხმარებლები მომხდარით აღშფოთებულები არიან. მათ დრანდის ციხეს “გამჭოლი ეზო” უწოდეს და არც კი გაუკვირდათ, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში შეიძლება ადამიანი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალოს.
ამანდა სიჭინავა მარტოხელა დედა იყო. მას ორი წლის ვაჟი დარჩა.