ახრა ავიძბას სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს, მისი მეგობრები - გამართლდნენ
ახრა ავიძბას სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს
სამწლიანი პირობითი სასჯელი და 10-ათასრუბლიანი ჯარიმა ($140) შეუფარდეს აფხაზეთში ცნობილ პოლიტიკურ აქტივისტსა და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში მოხალისეთა ქვედანაყოფის ყოფილ მეთაურს, ახრა ავიძბას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის. მასთან ერთად, გამოძიების ქვეშ მყოფი მისი ოთხი მეგობარი – ასლან გუატიჟევი, ანდრეი ლაკტიონოვი, ტალეხ ჰასანოვი და სტანისლავ კულტი კი გაამართლეს რეაბილიტაციის უფლებით.
ახრა ავიძბა სამი თვის განმავლობაში, აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა პატიმრობაში. ძირითადი ბრალდება იარაღის უკანონო შენახვა იყო, თუმცა, არაოფიციალურად არაერთხელ გაისმა პოლიტიკური გადატრიალების ორგანიზების მცდელობის შესახებ ბრალდებაც. მეგობრები და ახლობლები ამტკიცებენ, რომ ის უდანაშაულოა და ხელისუფლება პოლიტიკური საქმიანობის გამო დევნის.
2020 წლის იანვარში, აფხაზეთში, ფაქტობრივად, ახრა ავიძბა გახდა ხელისუფლების ცვლილების გენერატორი. მან, რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად, შტურმით აიღო პრეზიდენტის სასახლე და მაშინდელ პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას გადადგომა აიძულა. საბოლოოდ, დიდწილად მისი დამსახურებით, ხელისუფლების სათავეში მოქმედი პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოვიდა.
- ახრა ავიძბას აფხაზეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ
- ვინ და რატომ ებრძვის არასამთავრობო ორგანიზაციებს აფხაზეთში
- აფხაზეთში ოპოზიცია ასლან ბჟანიას იმპიჩმენტს ითხოვს
„უდიდესი მადლობა ჟურნალისტებს ყურადღებისთვის, რომელიც მე დამითმეთ. ამან ისინი ჩარჩოებში მოაქცია და კანონის დაცვა მოუწიათ. გაუმარჯოს კანონს და მადლობა ჟურნალისტებს“, – ეს იყო გათავისუფლებული ახრა ავიძბას პირველი სიტყვები. მან თქვა, რომ პირველ რიგში, შვილებთან ერთად გაატარებს დროს.
მისმა ადვოკატმა, ინგა გაბილაიამ აღნიშნა, რომ ასეთი განაჩენი „იდეალურ გამოსავლად“ არ მიაჩნიათ, თუმცა, არაფრის გასაჩივრებას არ აპირებს. „კარგია, რომ ახრას სტუმრები გაუშვეს და ვალდებულები არ არიან, მუდმივად აფხაზეთში იყვნენ. დაე, იყვნენ აქ ნებაყოფლობით და არა იძულებით“, – განაცხადა ინგა გაბილაიამ.
პროკურატურა ყველას დამნაშავედ გამოცხადებასა და მათთვის პირობითი სასჯელის შეფარდებას მოითხოვდა. გენერალურმა პროკურატურამ დებატების დროს, ბრალდების ნაწილზე უარი თქვა – ეს იყო ბრალდებები პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით იარაღის შენახვასა და ტარებაზე.