ახრა ავიძბას აფხაზეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ
“დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირი” და ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწე ახრა ავიძბა, რომელიც 4 მარტს დააკავეს, ეჭვმიტანილია სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში. ამასთან, ავიძბასთვის ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ ბრალი ამ კონკრეტული დანაშაულისთვის – ჯერჯერობით მას ბრალი მხოლოდ იარაღის არსენალის უკანონოდ შენახვაში ედება.
ინფორმაცია სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალებაში ახრიკ ავიძბას მონაწილეობის შესახებ აფხაზეთის უშიშროების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა. უწყების ცნობით, ავიძბასთან ერთად დააკავეს უცხო ქვეყნების, ძირითადად უკრაინის ხუთი მოქალაქე. სამსახურის ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, “დაკავებული მოქალაქეები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში აპირებდნენ მონაწილეობას”.
ამავე ცნობაში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საქმე იარაღის უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე აღიძრა.
- პროტესტი აფხაზეთში – ასლან ბჟანიას თანაშემწე თბილისთან „საიდუმლო მოლაპარაკებებში“ დაადანაშაულეს
- “პირდაპირი დიალოგი სოხუმთან” – ქართული სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას მიმართავს
- კონფლიქტის ზონა აღმოსავლეთ უკრაინაში ეკოლოგიური და დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზეა
ახრა ავიძბა, იგივე “აფხაზი”, აღმოსავლეთ უკრაინაში 2014-2015 წლების საბრძოლო მოქმედებების დროს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო მეთაური იყო.
ავიძბა მუშაობდა ასლან ბჟანიას თანაშემწედ, 2020 წლის 11 ივნისიდან 9 ნოემბრამდე. თანამდებობიდან გადადგომა მან იმით ახსნა, რომ “ჩვენი საერთო საქმისადმი რწმენა” დაკარგა და აღარ ენდობა პოლიტიკურ გუნდს, რომელიც “ეწინააღმდეგება საკუთარ დეკლარაციულ განცხადებებს და რეალურად არ იღებს საჭირო ზომებს”.
2019 წლის ბოლოს – 2020 წლის დასაწყისში, აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისის დროს, ის ქუჩის აქციებს ხელმძღვანელობდა, რომლებიც პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომით და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნებით დასრულდა.
ახრა ავიძბა ცნობილი კანონიერი ქურდის, ალხას ავიძბას ბიძაშვილია, რომელიც 2019 წლის 22 ნოემბერს მოკლეს. ახრა ავიძბას გამოჩენა აფხაზეთის პოლიტიკურ ასპარეზზე სწორედ ამ მკვლელობამ გამოიწვია.
ნათესავები და თანამოაზრეების შეკრებით ახრა ავიძბამ 2 დეკემბერს აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, გენერალური პროკურორისა და მათი მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენებას მიაღწია და უკვე 2020 წლის 9 იანვარს ის სოხუმში საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გახდა.
ახრა ავიძბა 2021 წლის 4 მარტს დააკავეს და სოხუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 1 თვის პატიმრობა მიუსაჯეს. ავიძბას მიმართ მხარდაჭერა არაერთმა რუსულმა მედიამ და მათმა თანამშრომლებმა გამოხატეს, მაგრამ რუსეთის საელჩომ აფხაზეთში განაცხადა, რომ ახრიკ ავიძბას დაკავება აფხაზეთის შიდა საქმეა.
პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა დეპუტატებთან შეხვედრაზე მათ უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელებთან დახურული შეხვედრის მოწყობა შესთავაზა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო