ომბუდსმენი: შეწყვიტეთ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების, პატივისა და ღირსების დარღვევა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებით პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია.
როგორც ლომჯარია განცხადებაში განმარტავს, ვიდეოჩანაწერები სრულად და უწყვეტად არ ასახავს რელევანტურ ეპიზოდს, ხოლო კომპილაციაში მოხვედრილ რამდენიმე ეპიზოდში პატიმარი ნახევრად შიშველ, დამამცირებელ მდგომარეობაშია აღბეჭდილი.
“როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს. სახელმწიფო ინსპექტორის ცნობით, გამოძიების მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები პენიტენციურ სამსახურს ამ დრომდე არ მიუწოდებია. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ გადაწყდა აღნიშნული ვიდეომასალის გასაჯაროება და არა მისი სრული სახით მიწოდება საგამოძიებო ორგანოსთვის“, – წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ იუსტიციის მინისტრმა და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა.
● სააკაშვილის საქმე: რა წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
● სააკაშვილი შიმშილობს. რა ელის და რა ვიცით მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
აღნიშნულ კადრებს გამოეხმაურა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც. ისინი, ისევე როგორც სახალხო დამცველი, მოუწოდებენ იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს, რომ შეწყვიტონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება და პატივი სცენ ადამიანის ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
ინსპექტორის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მოტივით.
ასევე, მათი განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორმა აღნიშნულ ფაქტზე ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო. ინსპექტორის სამსახური ხაზს უსვამს იმას, რომ ვიდეოკადრების გავრცელება ხელს უშლის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაწყებულ გამოძიებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას.
“იმ პირობებში, როცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ამ დრომდე არ დაუდასტურებია ასეთი ჩანაწერების არსებობის ფაქტი და შესაბამისად, არ მომხდარა სასამართლო განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნული კადრების გასაჯაროება (რომელიც მათ შორის, წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას), საფრთხეს უქმნის ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას“, – წერია განცხადებაში.
● “პუტინის ჯალათები ხართ” – პენიტენციური სააკაშვილის მორიგ კადრებს ავრცელებს
● პენიტენციური ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს
10 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება იმ “დროებითი ზომების შესახებ”, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ეხება.
სტრასბურგში მოქმედმა სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და “დროებითი ზომები” მიიღო. “დროებითი ზომების” შინაარსიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე დაინახა.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 40 დღეზე მეტია შიმშილობს, მას შემდეგ, რაც ის პირველ ოქტომბერს დააკავეს.
8 ნოემბერს “ჯანმრთელობის გაუარესების პრევენციის” მიზნით, იგი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს მისი ნების საწინააღმდეგოდ. თავად სააკაშვილი, მისი ოჯახი, მკურნალი ექიმები და ასევე სახალხო დამცველის აპარატი ციხის საავადმყოფოში მისი გადაყვანის წინააღმდეგნი იყვნენ იმ მოტივით, რომ ციხის საავადმყოფოში არ იყო სააკაშვილის მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა და ასევე არ იყო უსაფრთხო.
სახალხო დამცველმა გლდანის ციხეში არსებული სამკურნალო დაწესებულება რამდენჯერმე შეისწავლა. ომბუდსმენი ანგარიშებში წერდა, რომ კლინიკაში პაციენტის მკურნალობისთვის შეუსაბამო პირობებია.
სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობაც დაიწყო.
გლდანში სააკაშვილი მალულად გადაიყვანეს. ამ პროცესების პარალელურად, 8 ნოემბრიდან ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ფართომასშტაბიანი, უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო.