აფხაზეთში ინფიცირების ზრდის გამო თეატრები დახურეს, თუმცა ვირუსის მთავარი წყარო ქორწილები, ქელეხები და ტურიზმია
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, კულტურის ყველა დაწესებულება დაიკეტა. ამასთან, მასობრივად არ იცავენ ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვის აკრძალვას, მათ შორის ქორწილებისა, სადაც ასობით ადამიანი იყრის თავს. ასევე, შუა ტურისტული სეზონია, აფხაზეთში შემოსასვლელად კი ისევ არაა საჭირო არც ვაქცინაციის სერტიფიკატები, არც პსრ-ტესტის უარყოფითი პასუხები.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 10 ივლისს, აფხაზეთში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 168 შემთხვევა, სამი პაციენტი გარდაიცვალა. საავადმყოფოებში იმყოფება 230 ადამიანზე მეტი, მათგან 60-ზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია. პანდემიის დაწყებიდან, აფხაზეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 18 673 შემთხვევა (დაახლოებით 200-ათასიანი მოსახლეობის პირობებში). გარდაიცვალა 260 ადამიანი, 15 750 გამოჯანმრთელდა.
გადაწყვეტილებას თეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, კულტურის ცენტრების დახურვის შესახებ, ხელი მოაწერა კულტურის მინისტრმა გუდის არგბამ, ის ძალაში შედის 12 ივლისიდან განუსაზღვრელი ვადით. ჩვეულებრივ, ასეთი ბრძანებები გამოიცემა, როგორც პრეზიდენტის განკარგულების აღსრულება. თუმცა, არც მისგან, არც ოპერატიული შტაბისგან ამგვარი წინადადებები არ შესულა.
- ვის სურს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აფხაზეთში? ვიდეოგამოკითხვა
- ევროკავშირმა სომხეთი და აზერბაიჯანი Covid-უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, საქართველო – არა
მასობრივი ღონისძიებების აკრძალვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 5 ივლისს მიიღეს, მაგრამ მის შესრულებას არავინ აკონტროლებს. ყოველ საღამოს მთელ რესპუბლიკაში ეწყობა მასშტაბური გამოსაშვები საღამოები, შაბათ-კვირაობით კი – ქორწილებს იხდიან.
ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ბოლო მოვლენა ქალაქ გუდაუთაში მოხდა.
ოჯახი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, მაგრამ მაინც გადაიხადა დიდი ქორწილი ისე, რომ ინფიცირების ფაქტი დაუმალა როგორც მეზობლებს, რომლებიც ქორწილის ორგანიზებაში ეხმარებოდნენ, ასევე დაპატიჟებულ სტუმრებს. შედეგად, 70 ადამიანი დაინფიცირდა.
ასევე, ყოველდღიურად აფხაზეთში შედის ათობით ათასი რუსი ტურისტი – და მათგან არ ითხოვენ არანაირ დოკუმენტს, გარდა პასპორტისა.
ამ ფონზე, აღშფოთება გამოხატა ფაზილ ისკანდერის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამის თეატრის დირექტორმა ირაკლი ხინთბამ.
„აბა რა, თუ დაკეტავენ, კულტურის დაწესებულებები უნდა იყოს. რესტორნების და ა.შ. დასაკეტად არავის გამბედაობა არ ჰყოფნის. ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენთან არც კი განიხილება. და არავის აინტერესებს ის, რომ ჩვენ – ერთადერთი დაწესებულება ვართ ქვეყანაში, სადაც კოვიდის საწინააღმდეგო ნორმებს მკაცრად იცავენ“, – წერს ხინთბა.
ამასთან, გადაწყვეტილებას საჯაროდ დაუჭირა მხარი ს. ჭანბას სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის თანამშრომელმა მილანა ხაშბამ. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ბევრ შემოქმედებით კოლექტივში ბევრი ინფიცირებულია, ამიტომ ვითარებას სრული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ“.
ხელისუფლებისა და საზოგადოებისადმი პოლიტიკური მიმართვით გამოვიდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმი“, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში სათავეში ედგა ექსპრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.
„ვთხოვთ ყველა თანამემამულეს, იყვნენ უფრო ფხიზლები და პასუხისმგებლიანები. სამწუხაროდ, ასეთ მძიმე სიტუაციაში ხელისუფლების მხრიდან მკვეთრი, გააზრებული, გონივრული ზომების მიღების იმედი არ უნდა გვქონდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ხელისუფლება საკუთარ სანახევრო გადაწყვეტილებებსაც კი ვერ ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. პრეზიდენტის ბრძანებულებებს პიარაქციის ხასიათი აქვს და მათ თვითონ ხელმძღვანელობაც არ მისდევს. გადაწყვეტილებები მიიღება დიდი დაგვიანებით, ინფექციის მორიგი აფეთქების კვალად. არ არსებობს წინასწარი ზომების მიღების პრაქტიკა. არცერთი დაწესებულება, რომელმაც შეზღუდვების რეჟიმი დაარღვია, არ დახურულა, არ დასჯილა არცერთი ხელმძღვანელი პირი“, – განაცხადა პარტიამ.
განცხადებაში, ასევე, ხელისუფლება დადანაშაულებულია იმაში, რომ საქართველოსთან საზღვრის გახსნით, საფრთხე შექმნეს, „მაშინ, როდესაც იქ ვირუსის ახალი შტამი ჩვილ ბავშვებსაც კი აინფიცირებს“. აფხაზეთში რუსი ტურისტების ნაკადის თაობაზე განცხადებაში ცალკე არაფერია ნათქვამი.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო