ვის სურს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აფხაზეთში? ვიდეოგამოკითხვა
აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი კვირა მიმდინარეობს – გამოიყენება რუსული „Спутник V“. აცრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მაგრამ ინფიცირებულთა რიცხვის საგრძნობი ზრდის მიუხედავად, ასეთები ჯერჯერობით ძალიან ცოტა არიან.
JAMnews-მა მათ, ვინც მაინც გადაწყვიტა აცრა, კითხვა დაუსვა: რატომ გადაწყვიტეთ ვაქცინაცია და რომელ პრეპარატს ამჯობინებდით იმ შემთხვევაში, თუკი არჩევანი გექნებოდათ?
ოფიციალური მონაცემებით, 25 მაისის მდგომარეობით, აფხაზეთში, რომლის მოსახლეობაც, დაახლოებით, 250 ათას ადამიანს შეადგენს, დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების 15 165 შემთხვევა. 230 პაციენტი გარდაიცვალა, 14 360 – გამოჯანმრთელდა. ბოლო კვირების განმავლობაში, დღეში, დაახლოებით, 40 შემთხვევა რეგისტრირდება, რაც ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე მარტში იყო. აფხაზეთში, ყველა საავადმყოფო გადავსებულია პაციენტებით, რომლებსაც COVID-19 დაუდასტურდათ.
- როგორ არის მოწყობილი აფხაზეთის მთავარი ბიზნესი – ტურიზმი?
- ვაქცინაცია საქართველოში: ვინ რითი იცრება
- კორონავირუსის პანდემია კავკასიაში – დღევანდელი სტატისტიკა
სპეციალისტები, ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, კორონავირუსის ახალი აფეთქების მზარდ რისკზე საუბრობენ. რუსეთმა აფხაზეთთან საზღვარი 2020 წლის 1 აგვისტოს გახსნა. ტურისტების ძირითადი ნაკადი სწორედ რუსეთიდანაა და აფხაზეთში მათი შესვლა არანაირ შეზღუდვას არ ითვალისწინებს – ტურისტებს არც ცნობის წარდგენა ესაჭიროებათ და არც ტესტის ჩაბარება.
მაისი აფხაზეთისთვის ისტორიაში სარეკორდო გახდა გადმოსული ტურისტების რაოდენობით – კურორტები, სასტუმროები და კერძო სექტორი, 80-100 პროცენტით დაჯავშნილია. რუსი ტურისტების კიდევ უფრო დიდი ნაკადია მოსალოდნელი ზაფხულში. როგორც გვერდითი მოვლენა, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდეს. თუკი პროგნოზი ახდება, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ისედაც უკვე ზღვარზე მუშაობს, ვერ გაუმკლავდება სიტუაციას.