საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი
გაზიარება
გაზიარება
საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს კვლავ რეკორდულად ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან.
ბოლო დღე-ღამეში 5 ადამიანი გარდაიცვალა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9 751-მდე გაიზარდა.
სულ დადასტურებულია 24562 შემთხვევა აქედან: გარდაცვლილი – 183 აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 14628 გამოჯანმრთელებული – 9751
● “პრობლემები, რომელიც ცხელი ხაზების გადატვირთულობასთან იყო დაკავშირებული, მოხსნილია და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება” – ნათია მეზვრიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
მისივე თქმით, მატების ტენდენცია გრძელდება და ეს პროცესი გაგრძელდება. ამის მიუხედავად, დღეს არის პირველი დღე, როცა ადაპტაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება.
● ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში, ჯამში, კორონავირუსის გამოსავლენი 700 ათასამდე ტესტია.
“ჩვენ ალბათ, გადავალთ იმ რეჟიმში, როცა ინფიცირების ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული მაჩვენებელი” – განაცხადა ტიკარაძემ.
მან ასევე ისაუბრა პრეპარატ “რემდესივირის” შესახებ: ,,ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია კლინიკურ ჯგუფთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ კვლევის ფარგლებში გვაქვს უფლება, რომ გამოვიყენოთ “რემდესივირი”, შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები.
● “ჩვენი მიზანია, რომ სტაციონარულ მკურნალობაზე იყოს ინფიცირებულების 15-25%-მდე, ხოლო დანარჩენები იმართოს ამბულატორიულ პირობებში, ბინაზე ან კოვიდ სასტუმროებში” – ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, მხოლოდ ბოლო 24 საათში 131 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა.
● დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება – 20 წუთში პასუხი გექნებათ – პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.
“ამას აღარ სჭირდება PCR ტესტით დადასტურება, ეს უკვე შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში. ეს ტესტები ჩვენ უკვე გვაქვს, ახლა მარაგი სადღაც 150 000-მდეა და კიდევ ნახევარი მილიონი შეკვეთილია”.