23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. შეზღუდვების ნაწილიც მოიხსნა - რა შეიძლება და რა არა
საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საქართველოში 21 მარტიდან მოქმედებდა, 23 მაისიდან უქმდება. უქმდება 31 მარტს დაწესებული კომენდანტის საათიც, რომელიც საღამოს 9 სთ-დან დილის 6 სთ-მდე გადაადგილებას კრძალავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ 22 მაისის ღამის 12 სთ-ის შემდეგ სახლიდან გასვლა და ფეხით ან მანქანით სიარული თავისუფლად შეიძლება.
22 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 723 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3614 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 495 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
კარანტინი რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხოლოდ 2 სოფელში – გეტასა და მუშევანში და თეთრიწყაროში – კორონავირუსის გავრცელების მხრივ ამ დასახლებებში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.
უქმდება კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც კერძო მანქანებში 3-ზე მეტი ადამიანის ყოფნას და მძღოლის გვერდით სავარძელზე მგზავრის ჯდომას კრძალავდა. ამ შეზღუდვის გაუქმებას, რომელიც 4-სულიან ოჯახს მანქანით ერთად გადაადგილების უფლებას არ აძლევდა, საქართველოში ბევრი ადამიანი ელოდა. განსაკუთრებით ისინი, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს.
თუმცა, ამ შეზღუდვის გაუქმება არ ვრცელდება ტაქსებზე. ტაქსიში ისევ აკრძალულია 3-ზე მეტი ადამიანის ყოფნა და მძღოლის გვერდით სავარძელზეც არავინ უნდა იჯდეს.
70 წლის და უფრო მეტი ასაკის მქონე ადამიანებს სახლიდან გამოსვლა აღარ ეკრძალებათ.
დახურულ საჯარო სივრცეში, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში, აუცილებელია პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად გარკვეული სახის შეზღუდვების შენარჩუნება აუცილებელია.
რა შეზღუდვები რჩება:
● დიდი სავაჭრო ცენტრები და მოლები არ იხსნება.
● დაკეტილია ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიები.
● არ მუშაობს მეტრო და არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. არ მოძრაობენ საქალაქთაშორისო მატარებლები და ავტობუსები. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ კერძო მანქანით ან ტაქსით.
● არ იხსნება არც სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები.
● აკრძალულია როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენები – გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისებით სამშობლოში ბრუნდებიან. საერთაშორისო ფრენების აღდგენა 1-ელი ივლისისთვის იგეგმება. სწორედ ივლისის დასაწყისიდანაა დაანონსებული უცხოელი ტურისტების მიღება.
● დაკეტილია სკოლები, ბაღები და უმაღლესი სასწავლებლები. მათი გახსნა ამ სემესტრში არ იგეგმება.
● არ მუშაობენ გასართობი ცენტრები, კინოთეატრები, კაფეები და რესტორნები. (8 ივნისს ღია კაფეების გახსნაა დაგეგმილი. დახურულ რესტორნებს, სავარაუდოდ, 22 ივნისიდან გახსნიან)
● დაკეტილია სასტუმროები – მათ სტუმრების მიღება არ შეუძლიათ. შიდა ტურიზმის გახსნის თარიღად 15 ივნისია გამოცხადებული. უკვე 15 ივნისიდან, სავარაუდოდ, სასტუმროებს სტუმრების მიღება შეეძლებათ.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის გადარჩენას
- 1 ივლისს საქართველოში ტურიზმი თავიდან იწყება? საუბარი მაია სიდამონიძესთან
- “კამერა გამოვრთე, ვითომ ინტერნეტმა გაჭედა” – ბავშვები ჰყვებიან, როგორ სწავლობენ და ცელქობენ ონლაინ-გაკვეთილებზე
პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკის ფრთხილი ამუშავება.
“ჩვენ კარგად გვესმის, რამხელა რისკში შევდივართ, როდესაც მოსახლეობას ვეუბნებით, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ. გასაგებია, მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ, მეორე მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვენს პირობებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის შემცველი ფაქტორია ვირუსის გავრცელების,” – ამბობს ის.
რა მუშაობს 23 მაისიდან:
● 18 მაისიდან გაიხსნა სილამაზის სალონები, ესთეტიკური მედიცინის ცენტრები და სტომატოლოგიური კლინიკები.
● ასევე მუშაობს აბსოლუტურად ყველა სახის საწარმო.
● გაიხსნა ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს. გამონაკლისია ის მაღაზიები, რომლებიც ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ვაჭრობენ. მაგალითად, უკვე ღიაა წიგნების, სათამაშოების, კოსმეტიკის და სპორტული მაღაზიები. მანამდე, 5 მაისს, უკვე გაიხსნა ღია აგრარული ბაზრები.
● მუშაობენ ავტოსახელოსნოები და ავტოსამრეცხაოები.
● ასევე ამუშავდა სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის სერვის-ცენტრები.
● 5 მაისიდან გაიხსნა იუსტიციის სახლები, თუმცა განსხვავებული წესებით – აუცილებელია ონლაინ ჯავშანი გქონდეთ.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა. როგორც ხელისუფლება ამბობს, შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.