რისთვის აჯარიმებენ საქართველოში - ფეისბუქპოსტიდან სიმღერამდე
სოფო ბათილაშვილის დაჯარიმება
მომღერალი სოფო ბათილაშვილი „ოლე ოლას“ სიმღერის ვიდეოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნების გამო 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ბათილაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქვეყანაში პროტესტის გამოხატვის ფორმებზე შეზღუდვები სულ უფრო ფართოვდება და საქმე მუსიკალურ ცენზურამდეც მივიდა.
„ერთი წლის წინ ისიც სიგიჟე იყო, რომ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს დაიჭერდნენ, მაგრამ მოვედით იქამდე, სადაც ყველაფრის გამო იჭერენ, რის გამოც სურთ, თუ ეს ადამიანი წინააღმდეგობას გამოხატავს ან პროტესტს გამოხატავს, ან სოლიდარობას უცხადებს მათ, ვინც პროტესტშია. მოვედით აქამდე, სადაც სიმღერების სია შეიძლება შემოგვთავაზონ – უკვე დაიწყეს, რომელი სიმღერებიც არ შეიძლება შესრულდეს. მუსიკოსებთან უკვე ცენზურასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მომღერალმა.
რა მოხდა
7 ოქტომბერს აქტივისტი თორნიკე თოშხუა და სტუდენტი სანდრო სეხნიაშვილი ქუჩაში, აქციაზე ,,ოლე ოლას” სიმღერისთვის სასამართლოში დაიბარეს.
ბათილაშვილმა „ოლე ოლას“ შესრულების ვიდეო სოციალურ ქსელში 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა. პოსტში მან აღნიშნა, რომ სიმღერის გამო ადამიანების სასამართლოში დაბარება თავადაც გააპროტესტა და ვიდეო სიმბოლურად საღამოს 22:00 საათზე განათავსა – იმ დროს, როდესაც აქციაზე მისი თანამებრძოლები ამ სიმღერას მღერიან.
„რადგან 2026 წლის საქართველოში ადამიანებს ამ სიმღერის გამო, ვიმეორებ, სიმღერის გამო, ასამართლებთ, მე, რომელსაც ოლე ოლები კაი ხნის მობეზრებული მქონდა და რახანია წაღიღინების სურვილიც კი არ გამჩენია, აგერ, უცებ, ინებეთ“, – წერდა ბათილაშვილი.
მომღერალმა პოსტში სოლიდარობა გამოუცხადა მუსიკოს Kordz-საც და აღნიშნა, რომ მიუხედავად პროტესტის მონაწილეების მიმართ წინააღმდეგობისა და ზეწოლისა, მნიშვნელოვანია, საზოგადოება არ შეეგუოს ადამიანების მიმართ ასეთ მოპყრობას.
„ვიცი, რამდენი რამეც განორმალურდა, ისიც ვიცი, როგორ გიპირისპირდებიან, თუ ხმას იღებ, მაგრამ უნდა შევიხსენოთ, რომ არაა ნორმალური, როგორც ექცევიან ადამიანებს და რომ ჯერ ისევ გვაქვს ერთმანეთის ზურგი. სხვანაირად უბრალოდ აზრი არ აქვს“, – დაწერა მან.
რა არის “ოლე ოლა” და რა მოხდა Kordz-ის შემთხვევაში?
Kordz, იგივე ალექსანდრე კორძაია, ქართველი ელექტრონული მუსიკოსია, რომელიც „ოლე ოლას“ პროტესტის ჰიტად ქცეული ვერსიის ავტორია. ბოლო პერიოდში ის ხელისუფლებისა და პროსახელისუფლებო მედიის კრიტიკის სამიზნე გახდა. მის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი ინციდენტი მოხდა.
კორძაიამ კომპოზიცია 2024 წლის დეკემბერში, პროევროპული აქციების დროს გამოაქვეყნა.
2026 წლის სექტემბერში გორში, ფესტივალ „კამარას“ ფარგლებში, Kordz-ის კონცერტი უნდა გამართულიყო. ღონისძიება 26 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი.
კონცერტის წინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და პროსახელისუფლებო მედიამ მუსიკოსი გააკრიტიკეს. მას ფაშიზმისა და რადიკალიზმის წახალისებაში ადანაშაულებდნენ, ხოლო ღონისძიების ევროპელ ორგანიზატორებს კითხვებს უსვამდნენ, რატომ უჭერდნენ მხარს ასეთ მუსიკოსს.
კორძაიას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, მმართველი პარტიის წევრებისა და პროსახელისუფლებო მედიის მხრიდან თავდასხმებისა და მუქარის ფონზე კონცერტის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტია აღარ არსებობდა.
შედეგად, დანიის კულტურის ინსტიტუტმა უსაფრთხოების საკითხების გამო ფესტივალის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
2026 წლის ივლისში კორძაიამ განაცხადა, რომ თბილისში მასზე თავდასხმა სცადეს. მანამდე, 2025 წლის ივლისშიც, მისი თქმით, რამდენიმე პირი მის დევნას ცდილობდა, თუმცა გაქცევა მოახერხა.
ბათილაშვილის პოსტი სწორედ ამ მოვლენებს ეძღვნებოდა. როდესაც მან „ოლე ოლას“ საკუთარი ვერსიის ვიდეო გამოაქვეყნა, პოსტში პირდაპირ მიუთითა, რომ სოლიდარობას უცხადებდა Kordz-საც. ის იმ მუსიკოსის მხარდაჭერას გამოხატავდა, რომელიც „ოლე ოლას“ პოპულარიზაციის გამო პოლიტიკური თავდასხმებისა და ზეწოლის სამიზნე გახდა.
უპერეცედენტო შემთხვევა
მსოფლიოში მუსიკოსების სიმღერების გამო დასჯის არაერთი შემთხვევა არსებობს, თუმცა სოფო ბათილაშვილის საქმე საქართველოსთვის შესაძლოა უპრეცედენტო იყოს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჯარიმა უშუალოდ მუსიკოსს საკუთარი შესრულებით გამოქვეყნებული სიმღერის ვიდეოს გამო დაეკისრა.
საერთაშორისო მაგალითებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთის შემთხვევა: 2025 წელს სანქტ-პეტერბურგში დააკავეს ჯგუფ Stoptime-ის წევრები, რომლებიც ქუჩაში უკრაინელი და რუსი ხელისუფლების კრიტიკოსი მუსიკოსების სიმღერებს ასრულებდნენ. ჯგუფის სოლისტი დიანა ლოგინოვა (Naoko) რუსეთის შეიარაღებული ძალების „დისკრედიტაციის“ ბრალდებით 30 000 რუბლით დააჯარიმეს, ხოლო მუსიკოსებს რამდენჯერმე შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა.
საქართველოს შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია ერთი განსხვავება: „ოლე ოლას“ შესრულების გამო ბათილაშვილამდე უკვე დაჯარიმებული იყვნენ აქტივისტები, მათ შორის თორნიკე თოშხუა და სტუდენტი სანდრო სეხნიაშვილი. თუმცა ბათილაშვილის საქმე განსხვავებულია – ის პროფესიონალი მომღერალია და სასამართლომ საკუთარი შესრულებით ჩაწერილი და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სიმღერის ვიდეოს გამო დააჯარიმა.

სოცქსელებიდან ტროტუარამდე: როგორ გამკაცრდა პროტესტის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2024 წლის ბოლოდან არაერთხელ გაამკაცრა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობა, რის შედეგადაც მოქალაქეები პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდნენ როგორც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის, ისე სოციალურ ქსელებში ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის გამო.
● 2025 წლის თებერვალში პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი, 173-ე მუხლის მე-16 ნაწილი დაამატა, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათთან გათანაბრებული პირების მიმართ სამსახურებრივი საქმიანობის კონტექსტში სიტყვიერ შეურაცხყოფას, გინებასა და შეურაცხმყოფელ ქმედებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განსაზღვრავს. დარღვევა 1 500-დან 4 000 ლარამდე ჯარიმით ან 45 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.
- ამ ნორმის გამოყენება მალევე დაიწყეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებისა და Facebook-პოსტების ავტორების წინააღმდეგ. 2025 წლის ივნისში სასამართლოში ერთდროულად დაიბარეს აქტივისტები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მათ ნაწილს 3 000-დან 4 000 ლარამდე ჯარიმები დაეკისრა. 2026 წელს კი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული განცხადებების მონიტორინგი კიდევ უფრო გააქტიურდა. Human Rights Watch-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა დანაყოფმა 2026 წლის აგვისტოსთვის სასამართლოებში დაახლოებით 300 სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე გადააგზავნა.
● კანონმდებლობის გამკაცრება ქუჩის პროტესტსაც შეეხო. 2025 წლის ოქტომბერში მიღებული ცვლილებებით, აქციების დროს გზის ხელოვნურად გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის სანქციები გამკაცრდა. რიგ შემთხვევებში ჯარიმა ადმინისტრაციულმა პატიმრობამ ჩაანაცვლა, განმეორებითი დარღვევისთვის კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდა.
● 2025 წლის 12 დეკემბერს მიღებული მორიგი ცვლილებებით შეზღუდვები ტროტუარებსა და ქვეითთა გადაადგილებისთვის განკუთვნილ სივრცეებზეც გავრცელდა. ახალი წესებით, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხელს უშლის ადამიანების გადაადგილებას, ორგანიზატორებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შეტყობინება ევალებათ. პოლიციას კი მიენიჭა ფართო უფლებამოსილება, შეკრების მონაწილეებს ადგილის ან მარშრუტის შეცვლა მოსთხოვოს. მოთხოვნის შეუსრულებლობა მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ორგანიზატორებისთვის კი 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. განმეორებითი დარღვევა შესაძლოა სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს.
- ცვლილებების ამოქმედების შემდეგ პოლიციამ მოქალაქეების დაკავება ტროტუარზე დგომისა და საპროტესტო შეკრებებში მონაწილეობის გამოც დაიწყო.
უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას არაპროპორციულად ზღუდავს და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დასჯის მექანიზმად იქცა. Human Rights Watch-ის 2026 წლის ანგარიშშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ხოლო ხელისუფლება ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს კრიტიკული ხმების შესაზღუდად იყენებს.