საია: ლაშა ბუღაძის „დამკვირვებლის“ პენიტენციურ დაწესებულებაში არშეშვება ცენზურაა
ლაშა ბუღაძის „დამკვირვებელი”
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ლაშა ბუღაძის რომანის „დამკვირვებლის“ პენიტენციურ დაწესებულებაში შეტანაზე უარს გამოხატვის თავისუფლების დარღვევად და ცენზურის გამოვლინებად აფასებს.
ორგანიზაციის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ წიგნის არშეშვების დასასაბუთებლად მოყვანილი არგუმენტები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, ეწინააღმდეგება.
საქმე აგვისტოს დასაწყისში გახდა ცნობილი, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენიტენციურმა სამსახურმა თავისუფლებააღკვეთილ პირს ბუღაძის რომანი „დამკვირვებელი“ არ გადასცა. სამსახურმა წიგნის არშეშვების მიზეზად მისი პოლიტიკური შინაარსი დაასახელა.
მოგვიანებით, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ადვოკატ გიორგი ჩხეიძის განცხადებაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის 24 აგვისტოს პასუხი, რომელშიც უწყება წიგნის დაუშვებლად მიჩნევის მიზეზებს განმარტავს.
სამსახური მიუთითებს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის №1166 ბრძანების დანართზე, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს ან მსჯავრდებულს ამანათის სახით წიგნის მიღება შეუძლია, თუმცა გამონაკლისია გამოცემა, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მის უსაფრთხოებას ან პენიტენციური დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, „დამკვირვებლის“ სათაური რომანის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის და მისი ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ იძლევა. უწყების შეფასებით, განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმართებით, წიგნის იქ დაშვება მიზანშეწონილი არ იყო.
უწყება ასევე წერს, რომ გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურა, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბრალდებულის ან მსჯავრდებულის უსაფრთხოებასა და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ შევა, ავტორის ვინაობის მიუხედავად.
საია მიიჩნევს, რომ ამგვარი დასაბუთება თავისუფლებააღკვეთილი პირების ინფორმაციის მიღების უფლებაზე თვითნებურ შეზღუდვას წარმოადგენს.
ორგანიზაციის განმარტებით, ინფორმაციის მიღების თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების ნაწილია და ის არა მხოლოდ ინფორმაციისა და მოსაზრებების მიღებას, არამედ სხვადასხვა ფორმით, მათ შორის მხატვრული ლიტერატურის გაცნობასაც მოიცავს. თავისუფლების აღკვეთა თავისთავად არ ნიშნავს ადამიანის უფლებების დაკარგვას, თუმცა პატიმრობის პირობებიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვები შეიძლება არსებობდეს.
ასეთი შეზღუდვა, საიას თქმით, მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს გამართლებული, თუ ის კანონიერ, ლეგიტიმურ და აუცილებელ მიზანს ემსახურება.
ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, პატიმრებისთვის პუბლიკაციების გადაცემაზე უარის თქმისას სახელმწიფომ საკმარისი და კონკრეტული საფუძვლები უნდა მიუთითოს. მათ შორის შეიძლება იყოს ძალადობისკენ წაქეზება ან მისი გამართლება, ციხის უსაფრთხოებისა და წესრიგის საფრთხეში ჩაგდება ან დანაშაულებრივი ორგანიზაციების წევრებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა.
ამასთან, სასამართლოს სტანდარტით, აკრძალვის საფუძველი კონკრეტულად უნდა უკავშირდებოდეს თავად პუბლიკაციის შინაარსს. შესაბამისი მონაკვეთები უნდა იყოს იდენტიფიცირებული და სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, რა კავშირი არსებობს კონკრეტულ ტექსტსა და იმ საფრთხეს შორის, რომლის თავიდან აცილებასაც შეზღუდვა ემსახურება.
საიას შეფასებით, წიგნის სათაურზე მითითება ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით პრობლემურია არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ნაწარმოების სათაური „ბუნდოვანია“ ან მისი ერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაცია შეუძლებელია. მხატვრული ლიტერატურის შემთხვევაში ასეთი გარემოება, საიას პოზიციით, პუბლიკაციის აკრძალვის საკმარისი საფუძველი ვერ იქნება.
„დამკვირვებელი“ დისტოპიური რომანია, რომელიც საქართველოში დესპოტის თითქმის ნახევარსაუკუნოვან მმართველობას აღწერს. წიგნი 2026 წლის მარტში, ბიბლუსის ერთ-ერთ ფილიალში, სხვა გამოცემებთან ერთად ვანდალიზმის სამიზნე გახდა.
საიას განცხადებით, ამ კონტექსტში განსაკუთრებით შემაშფოთებელია პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, რადგან ორგანიზაციის შეფასებით, უწყების მიდგომა წიგნის ანტირეპრესიული და პოლიტიკური შინაარსის გამო მის ცენზურაზე მიუთითებს.
ორგანიზაციის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში ბუღაძის რომანის არშეშვება თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებების დარღვევისა და ცენზურის საგანგაშო მაგალითად რჩება.