"უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს“ - რატომ ჩაიშალა Kordz-ის კონცერტი გორში
Kordz-ის კონცერტი გორში
გორში დაგეგმილი ფესტივალი „კამარა“, რომელიც 26 სექტემბერს უნდა გამართულიყო და ოპოზიციურად განწყობილ მუსიკოს Kordz-ს უნდა დაეხურა, გაურკვეველი ვადით გადაიდო. ფესტივალის ორგანიზატორმა, დანიის კულტურის ინსტიტუტმა გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებები დაასახელა.
თავად Kordz-ის (ალექსანდრე კორძაია) განცხადებით, ფესტივალის ჩაშლამდე ადგილობრივი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ წევრებისა და პროპაგანდისტული მედიის მხრიდან მის წინააღმდეგ თავდასხმები და მუქარა მიმდინარეობდა, რის გამოც ადგილზე უსაფრთხოების გარანტია აღარ არსებობდა.
ფესტივალის გადადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოეხმაურა და „სინანული გამოთქვა“. ევროკავშირის განცხადებით, „კამარა“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „კრეატიული კომპასი საქართველოს“ ფარგლებში ტარდებოდა და ევროკავშირს „შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მტკიცედ სჯერა“.
წარმომადგენლობამ ფესტივალის გადადების გამო გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკვე 30 წელია მხარს უჭერს საქართველოში კულტურულ სფეროს, მათ შორის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებასა და ქართველი ხელოვანებისა და კულტურული ორგანიზაციების ევროპელ კოლეგებთან დაკავშირებას.
ევროკავშირის წარმომადგენლობის პოზიციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მწვავედ გამოეხმაურა. მისი თქმით, თავდაპირველად იმედი ჰქონდა, რომ ევროკავშირის ელჩი გააცნობიერებდა, რომ საქართველოში „ზიზღისა და ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია“, თუმცა, მისი შეფასებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება საპირისპიროზე მიუთითებდა.
პაპუაშვილმა განსაკუთრებით გააკრიტიკა განცხადების ის ნაწილი, რომელშიც ევროკავშირი შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ჰერჩინსკის არ ესმის, რას ნიშნავს საქართველო და ქართული საზოგადოება.
„ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება არის სიძულვილის ენის, დედის გინების, მონის წოდების, ფაშიზმისა და რადიკალიზმის პირდაპირი წაქეზება. ევროკავშირის საელჩო ამის წახალისებითაა დაკავებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
პაპუაშვილის განცხადებებსა და Kordz-ის კონცერტის გაუქმებას საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირიც გამოეხმაურა. გაერთიანებამ მუსიკოსს სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ ხელოვანის გამოხატვის თავისუფლება პოლიტიკური პრივილეგია არ არის და ის ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს.
კავშირის შეფასებით, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ხელოვანზე მისი მოქალაქეობრივი პოზიციის გამო პირდაპირი თავდასხმა დებატებს სცდება და ცენზურის ინსტრუმენტად იქცევა.
„დაუშვებელია სახელისუფლებო რესურსისა და რიტორიკის გამოყენება მუსიკოსების შესავიწროებლად თუ კონცერტების ჩასაშლელად“, – აცხადებს პროფესიული კავშირი.
გაერთიანებამ Kordz ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად დაასახელა და გააფრთხილა, რომ პოლიტიკური ზეწოლის გამო ხელოვანებისთვის საკუთარ ქვეყანაში გამოსვლის შესაძლებლობის შეზღუდვა შესაძლოა კულტურულ გარემოზე მძიმე გავლენას ახდენდეს.
„ხელოვნება ვერ იარსებებს ცენზურისა და შიშის გარემოში“, – ნათქვამია განცხადებაში.
