"ცენზურის საფრთხე". რა ვიცით შსს-ს ახალ სამმართველოზე, რომელიც საჯარო კომუნიკაციას გააკონტროლებს
“სქროლვა-სქრინვის” სამმართველო
1 ივნისიდან საქართველოში ამოქმედდება ახალი სამმართველო, რომელიც გააკონტროლებს რას წერს და ამბობს ხალხი საჯარო სივრცეში. “ქართული ოცნება” ამბობს, რომ მიზანი საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი კამპანიის შემცირებაა.
იურისტებმა ახალი ინიციატივა უკვე შეაფასეს, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა და ცენზურის დაკანონება. სოცქსელების მომხმარებლებმა კი ახალ სამმართველოს “სქროლვა-სქრინვის” დეპარტამენტი დაარქვეს.
- შსს-ში შეიქმნება სამმართველო საჯარო სივრცეში “აგრესიული კომუნიკაციის” მონიტორინგისთვის
- მოსაზრება: “ქართული ოცნების“ მიზანია, პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელება და ხალხის დაშინება
ახალი ინიციატივა განსაკუთრებით პარადოქსულად გამოიყურება იმ ფონზე, როდესაც სიძულვილის ენა და შეურაცხმყოფელი ლექსიკა, უმეტესად, თავად “ქართული ოცნების” წევრებისგან ისმის.
ამ სტატიაში შევკრიბეთ ყველაფერი, რაც ვიცით, ან არ ვიცით, ახალი სამმართველოს შესახებ.
“სქროლვა – სქრინვის სამმართველო”
სპეციალური სამმართველო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე უნდა შეიქმნას. უწყებას “კომუნიკაციების სისტემური მონიტორინგის სამმართველო” ერქმევა და მას გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.
მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელია. მან ამ პოზიციაზე ცხრა თვე იმუშავა და ამ ცხრა თვეში ექვსი წოდება მიიღო. სუს-ის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების შემდეგ მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშნეს – თანამდებობაზე, რომელიც მანამდე საერთოდ არ არსებობდა.
სწორედ მდინარაძემ დააანონსა სამმართველოს შექმნა 18 მაისს გამართულ ბრიფინგზე.
ჯერჯერობით ახალი სამმართველოს უფლება-მოვალეობების მხოლოდ ზოგადი კონტურებია ცნობილი.
რაც ზუსტად ვიცით, მონიტორინგი შეეხება ნებისმიერ საჯარო კომუნიკაციას. ეს ნიშნავს, რომ არამხოლოდ სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებები, ამიერიდან, შეიძლება პირადი საუბრები თუ ქუჩის გამოკითხვებიც გაკონტროლდეს.
უფლებადამცველების ვარაუდით, მთავარი სამიზნე სოციალური ქსელები იქნება. ამიტომ, საზოგადოების ნაწილმა, ამ სამმართველოს უკვე უწოდა “სქროლვა – სქრინვის” სამმართველო.
როგორ იმუშავებს ახალი სამმართველო
ახალი სამმართველოს ოფიციალური დებულებები ჯერ არ გამოქვეყნებულა, ამიტომ, ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რაც საჯაროდ თქვეს.
მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ეს სამმართველო პროაქტიულ რეჟიმში იმუშავებს – ანუ რეაგირება არ იქნება დამოკიდებული ვინმეს საჩივარზე.
ეს ნიშნავს, რომ თუ აქამდე, სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო მოკვლევის დასაწყებად ვინმეს საჩივრით უნდა მიემართა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ახლა ეს საჩივრები საჭირო აღარ იქნება. სამმართველოს თანამშრომლები დაამონიტორინგებენ ყველაფერს და რასაც საჭიროდ ჩათვლიან, თავადვე გააგზავნიან სასამართლოში.
ვინ შეამოწმებს “საჯარო კომუნიკაციას”
ვინ იქნებიან მონიტორები, რა კვალიფიკაცია ექნებათ მათ, როგორ განასხვავებენ სიძულვილის ენას არანორმატიული ლექსიკიდან, რა ტექნიკური საშუალებები ექნებათ მონიტორინგისთვის, ამ ეტაპზე არ ვიცით.
საქართველოში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელში, ფეისბუკში, Meta-ს სარეკლამო პლატფორმის მონაცემებით, დაახლოებით ოთხი მილიონი მომხმარებელია დარეგისტრირებული საქართველოდან. რთული წარმოსადგენია, რამდენი ადამიანი უნდა ჰყავდეს ამ სამმართველოს, რომ ყველას კონტროლი შეძლოს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, პროსამთავრობო არხის, “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ თანამშრომლების შერჩევის დროს გაითვალისწინებენ მათ გამოცდილებას“. დარახველიძის თქმით, კადრებს სისტემის შიგნითვე მოძებნიან:
„აქცენტი გაკეთდება მოქმედ თანამშრომლებზე, ვისაც აქვს გამოცდილება. მოვახდენთ ამ კადრების აკუმულირებას სხვადასხვა დანაყოფებიდან“.
ამერიკის ფედერალური ბიუროს ყოფილი გამომძიებელი, ქერენ გრინევეი “შაბათის ფორმულასთან” ამბობს, რომ ფეისბუკის გასაკონტროლებლად, როგორც ეს წლების წინ რუსეთში დაიწყო, საჭიროა გააკონტროლო ახალი ამბების “ფიდი”. მისი ვარაუდით, მოქალაქეებს, ვისაც გააკონტროლებენ, წინასწარ შეარჩევენ.
იგი ასე აღწერს სავარაუდო მექანიზმს:
“წარმოიდგინეთ ერთგვარი ინტერსეპტორი, გადამჭერი, რომელიც აკონტროლებს შერჩეული მოქალაქეების ფიდს. რუსებმა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნეს ალგორითმი, ეს ალგორითმი ხვდება რომელი სადაო პოსტის მიხედვით უნდა შეარჩიო სამიზნე. ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთის სპეცსამსახურები სიამოვნებით გაუზიარებენ ამ პრაქტიკას საქართველოს მთავრობას“.
“იქნება სამართლებრივი რეგულირება” – რას ნიშნავს ეს?
სპეციალურ ბრიფინგზე მდინარაძემ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში იქნება – სამართლებრივი რეგულირება.
ეს ნიშნავს, რომ თუ მონიტორი რომელიმე პოსტს, ან კომენტარს სოციალურ ქსელში დარღვევად ჩათვლის და საქმე სასამართლოში წავა, ამ კომენტარის ავტორის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება.
ასეთი პოსტების ავტორებს ფინანსურ ჯარიმებს, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებენ.
“მათ შორის ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ“, – ეს თავად მდინარაძემ თქვა ბრიფინგზე.
ჯარიმის ოდენობა 1 500-დან 4 000 ლარამდე იქნება, ადმინისტრაციული პატიმრობა კი 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 2 500-დან 6 000 ლარამდე გაიზრდება, ადმინისტრაციული პატიმრობა კი 60 დღემდე.
რას დაეფუძნება საქმის წარმოება?
ინიციატივა – საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო დასაჯონ ადამიანები, ახალი არ არის. ამ ინიციატივის საკანონმდებლო ბაზა გასული, 2025 წლის თებერვალში შეიქმნა, მაშინ, როდესაც, “ქართულმა ოცნებამ” მორიგ ჯერზე გაამკაცრა კანონმდებლობა.
2025 წლის 6 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.
ამ ცვლილებებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა 173¹⁶ მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან, სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ონიანი ამბობს, რომ ეუთო/ოდირმა ეს ცვლილებები შეაფასა, როგორც თვითნებური განმარტების გაკეთების საშუალება:
“მეტისმეტად ფართო და სუბიექტურია მითითება „სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ლანძღვა-გინებაზე, შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა ან/და სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედებაზე“, რაიმე სახის შინაარსის აღწერის, განმარტების ან დარღვევის დამაფუძნებელი სხვა ელემენტების მოხმობის გარეშე“, – დაწერა ონიანმა სოციალურ ქსელში.
საქართველოში არაერთ ადამიანს აქამდეც ჰქონდა სასამართლო Facebook-ში გამოქვეყნებული პოსტისთვის
სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებებისთვის, საქართველოში, არაერთ ადამიანია დაჯარიმებული. სულ ცოტა ხნის, პატიმრობაც გამოიყენეს.
მწერალი ბექა ლოხიშვილი პირველი ადამიანია, რომელიც Facebook-ში გამოქვეყნებული პოსტის გამო ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს.
ლოხიშვილმა, პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო, ციხეში 15 დღე გაატარა. ადმინისტრაციული პატიმრობა მწერალს, 1 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა.
ლოხიშვილი 23 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში (რომელიც ახლა უკვე წაშლილია), აკრიტიკებდა პოლიციელების ქცევას მოტოციკლებთან დაკავშირებით, ” ქართულ ოცნებაზე” კი წერდა, რომ არის “არათუ პოლიტიკური პარტია, არამედ ტერორისტული ორგანიზაცია“.
უფრო ადრე ჟურნალისტები და აქტივისტები დააჯარიმეს ასევე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტებისა და კომენტარების გამო. მაშინ ამ ხალხს პოსტის ადრესატებმა უჩივლეს. ყველა ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ გამოქვეყნებული პოსტი თუ კომენტარი, მათ შეურაცხყოფას აყენებდა. მომჩივნები “ქართული ოცნების” წევრები და მათთან დაახლოებული პირები იყვნენ.
მაგალითად, 2026 წლის 4 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე 4 000 ლარით დააჯარიმა “ქართული ოცნების” დეპუტატ ნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო . “ნინო წილოსანის ჯიში’ – ამ სტატუსისთვის უჩივლა დეპუტატმა წილოსანმა ნატა ფერაძეს.
2025 წლის ივნისში, ექვს ჟურნალისტს დააკისრა სასამართლომ ჯარიმა სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატების მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებისთვის.
იმავე პერიოდში სასამართლოში დაიბარეს აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურის დაკანონება
მამუკა მდინარაძე ეცადა წინმსწრებად განემარტა, რომ ეს არ იქნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
მან თქვა, რომ “დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელია აზრთა სხვადასხვაობა და კრიტიკული დისკუსია” და “არსებობს მინიმალური სტანდარტები, რომელზეც საზოგადოება უნდა თანხმდებოდეს, მათ შორის, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა”.
როდესაც “ქართული ოცნება” ერთმანეთის მიმართ პატივისცემაზე და ბილწსიტყვაობაზე საუბრობს, ავიწყდება, რომ ამგვარი ლექსიკა ყველაზე ხშირად თავად “ქართული ოცნების” წევრებისა და მათ შორის, მაღალი რანგის საჯარო მოხელეებისგან ისმის.
ასევე, ამ თემაზე საუბრისას, “ქართულ ოცნებას” ახსენებენ “ტროლების ფაბრიკებს”, რომელსაც მმართველი პარტია ხშირად იყენებს სოციალურ ქსელში მათთვის “მიუღებელი” ადამიანების დისკრედიტაციისთვის. ასეთი ტროლები იყენებენ ყველაზე ხშირად უცენზურო და არანორმატიულ ლექსიკას. Meta-მ არაერთხელ წაშალა ასობით ასეთი ანგარიში Facebook-ში.
“თუ მართლა გინდათ პოლარიზაცია შემცირდეს და სიძულვილის ენა გაქრეს, პირველი, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, თავი უნდა დაანებოს ხალხის ჩემიანებად და მტრებად დაყოფას“, – უთხრა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს პოლიტიკურმა მიმომხილველმა ირაკლი მელაშვილმა პროსამთავრობო “იმედის” დებატებში.
მანვე ალექსანდრე დარახველიძეს შეახსენა პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის, თბილისის მერის მიერ გამოყენებული სიძულვილის ენის შემთხვევები.
“დაიწყეთ საკუთრი თავით. ნუ შექმნით ტროლების ფაბრიკებს და ბევრად დაიწმინდება სოციალური სივრცე”, – განაცხადა მელაშვილმა.
უფლებადამცველებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ამ ინიციატივის მიზანი ტოტალური კონტროლის დამყარებაა ქვეყანაში და არა, სიძულვილის ენის დარეგულირება. და ეს ტოტალური კონტროლი მყარდება იმ ფონზე, როდესაც უსაფრთხოების სამსახური წლებია ისეც უსმენს და უთვალთვალებს თითქმის ყველა ადამიანს და ამას საჯაროდაც აღიარებს.
“დაანონსებული მექანიზმი ერთგვარ ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან”, – ამბობს თამარ ონიანი.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ სიძულვილის ენის მონიტორინგი, ზოგადად, ლეგიტიმურია, თუმცა მაშინ, როდესაც გამოხატვის ეს ფორმა კრიმინალიზებული არ არის ქვეყანაში და მონიტორინგის მანდატი აქვს არა პოლიციას, არამედ სახალხო დამცველს:
“დემოკრატიულ სისტემებში სიძულვილის ენის მონიტორინგი, როგორც წესი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ინსტიტუტებს ანიჭებენ და არა საპოლიციო სტრუქტურებს, რადგან პოლიციის ჩართვა გამოხატვის სფეროში ყოველთვის აჩენს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და პოლიტიკური კონტროლის რისკს“.
იგი ყურადღებას ამახვილებს ფრაზაზე – აგრესიული კომუნიკაცია და ამბობს, რომ მისი გამოყენება ძალიან ფართოდ შეიძლება:
„აგრესიული კომუნიკაცია“ იმდენად ბუნდოვანი ცნებაა, რომ მისი გამოყენება პრაქტიკულად ნებისმიერი კრიტიკული, მძაფრი, ირონიული ან ემოციური პოლიტიკური გამოხატვის წინააღმდეგ შეიძლება. მოქალაქეების ენის, ემოციების და პოლიტიკური ტონის დისციპლინირება წარმოუდგენელი რაღაც გამოდის. მორალის პოლიციის შექმნას გავს“, – დასძენს იგი.
“სქროლვა-სქრინვის” სამმართველო