"ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კვლავ შეჩერებულია" - რა წერია ევროკომისიის 2026 წლის შეფასებაში
ევროკომისიის 2026 წლის შეფასება
ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კვლავ შეჩერებულია, ხოლო ქვეყნის მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო გაუარესდა.
ევროკომისიის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები იმ ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად, რომლებიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გასაგრძელებლად განესაზღვრა.
ანგარიშში ევროკომისია საუბრობს დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებაზე, პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვაზე, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემებზე, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით პროგრესის არარსებობაზე.
კომისია ასევე მიუთითებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან საქართველოს არასრულ თანხვედრაზე, რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების ზრდასა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოქცეულ ქართულ კომპანიებზე.
შესაბამისად, დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების გამო ევროკომისია აღარ გასცემს ახალ რეკომენდაციებს გაწევრიანების მოლაპარაკებების თავებთან დაკავშირებით, გარდა ფუნდამენტური რეფორმების სფეროებისა.
4 ნოემბერს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად გადასცა. დოკუმენტი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა ჩაიბარა, რომელიც ამავდროულად პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.
ოპოზიციის აკრძალვის მცდელობა და შეზღუდული სამოქალაქო სივრცე
ევროკომისიის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობა საანგარიშო პერიოდში კიდევ უფრო გაუარესდა. ანგარიშში მთავარ პრობლემებს შორის დასახელებულია დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება, ძალაუფლების კონცენტრაცია, პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვა, სამოქალაქო სივრცის შევიწროება, ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა და დეზინფორმაცია.
ერთ-ერთი ყველაზე მწვავე შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება. ევროკომისიის განცხადებით, ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს უქმნის საფრთხეს. ამასთან, პროცესები მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ გაუტარებია საარჩევნო სისტემის ძირეული რეფორმა, მიუხედავად წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციებისა.
2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები, ანგარიშის თანახმად, ძლიერ პოლარიზებულ და რეპრესიულ გარემოში ჩატარდა, რამაც საარჩევნო პროცესის კონკურენტულობა და გამჭვირვალობა მნიშვნელოვნად შეარყია.
კომისია მიუთითებს მმართველი პარტიისთვის უპირატესობის მიმნიჭებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის ბოიკოტზე, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის არარსებობაზე, ამომრჩევლებზე ზეწოლასა და დაშინებაზე. არჩევნებს ასევე არ ესწრებოდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და სანდო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ანგარიშში ცალკე არის ხაზგასმული ახალი საკანონმდებლო შეზღუდვები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობასა და მოქალაქეთა პოლიტიკურ მონაწილეობას ეხება. ევროკომისიის შეფასებით, ეს ცვლილებები პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა
ევროკომისია შეშფოთებას გამოთქვამს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენების გამოც.
ანგარიშში საუბარია სისხლისსამართლებრივი გამოძიებების დაწყებაზე ისეთი ბრალდებების საფუძველზე, როგორიცაა „საბოტაჟი“, „უცხოური ორგანიზაციებისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“, „კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება“ და „სახელმწიფო ინტერესების დაზიანება“.
კომისიის შეფასებით, ამგვარი ქმედებები იძულებით ხასიათს ატარებს და საბოლოოდ დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ანგარიშში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ეს მიდგომა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან შეუთავსებელია.
სასამართლო სისტემა: უკუსვლა ზედიზედ მესამე წელია
სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ევროკომისია საქართველოში უკუსვლას ზედიზედ მესამე წელია აფიქსირებს.
ანგარიშის თანახმად, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მთლიანობა კვლავ სერიოზულად არის შერყეული. 2025 წლის დეკემბერში სასამართლო სისტემის სამართლებრივ ჩარჩოში შეტანილმა ცვლილებებმა კი მისი დამოუკიდებლობა კიდევ უფრო დააზიანა და სისტემის მიტაცების რისკი გაზარდა.
ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილ მკაცრ და არაპროპორციულ სასჯელებზეც. ანგარიშის თანახმად, ეს აჩენს ეჭვს, რომ სასამართლო სისტემა რეპრესიული მექანიზმის აღსრულების ინსტრუმენტად გამოიყენება.
კორუფციასთან ბრძოლა: პროგრესი არ არის, დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა
ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მომზადების გარკვეული დონე აქვს, თუმცა საანგარიშო პერიოდში პროგრესი არ ყოფილა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანას 2020 წლიდან არ აქვს ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ამასთან, საკანონმდებლო ჩარჩო არ ითვალისწინებს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოს არსებობას, ხოლო მამხილებელთა დაცვის კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ უფრო უნდა დაახლოვდეს.
ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდა და მისი პრევენციული ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცა. ევროკომისიის შეფასებით, ამ ცვლილებებში გათვალისწინებული არ ყოფილა GRECO-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც ამ ფუნქციების ეფექტიანობასა და ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ეხებოდა. კომისია აფრთხილებს, რომ არსებობს რისკი, ახალი მოდელი ამ ფუნქციების არაეფექტიანობას გამოიწვევს.
ანგარიშში დადებითად არის აღნიშნული, რომ 2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მასშტაბი და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით წარმოებული საქმეების რაოდენობა.
თუმცა ევროკომისია შეშფოთებას გამოთქვამს შერჩევითი მიდგომის გამო. პრობლემად რჩება პროკურატურის ავტონომიურობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიების შესახებ წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობაც.
დეოლიგარქიზაციის მიმართულებით კი, ანგარიშის თანახმად, ნაბიჯები არ გადადგმულა. ევროკომისია აღნიშნავს, რომ ოლიგარქიული გავლენის მყარად დამკვიდრებული სისტემა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და აფერხებს დემოკრატიულ კონსოლიდაციას.
უვიზო მიმოსვლა: რეკომენდაციები შეუსრულებელია
ევროკომისიის ანგარიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს ეხება.
კომისიის შეფასებით, საქართველომ წინა ანგარიშში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არცერთი არ შეასრულა. რეკომენდაციები ძირითადად ფუნდამენტური უფლებების დაცვას, დისკრიმინაციისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდებოდა.
2025 წლის ივლისში ჩატარებული ოფიციალური მოკვლევის შემდეგ ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აუცილებელი მაკორექტირებელი ზომები არ გაუტარებია. ამის ნაცვლად, მიღებული იყო დამატებითი შემზღუდველი კანონები, რომლებიც ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის სფეროში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, ევროკომისიამ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი გაააქტიურა, თავდაპირველად 12 თვის ვადით, 2026 წლის 6 მარტიდან. მისი პირველი ეტაპი დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს შეეხო.
2026 წლის ივნისში საქართველოსთან გაძლიერებული დიალოგიც გაიმართა, თუმცა, ანგარიშის თანახმად, მას არ მოჰყოლია პროგრესი იმ საკითხებზე, რომლებიც ევროკავშირის შეშფოთებას და შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას დაედო საფუძვლად.
რუსეთი, სანქციები და საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური განცხადებებისა და შემზღუდავი ზომების მიმართ საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი 40%-დან 38%-მდე შემცირდა.
საქართველო არ უერთდება რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების უმეტესობას. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების მნიშვნელოვანი ზრდა.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილში ევროკომისია კონკრეტულად გამოყოფს ფოთის „ყულევის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და საქართველოში მოქმედ სამ კრიპტოკომპანიას.
ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტით „ყულევის“ ქარხანას რუსული ნავთობის ვაჭრობასა და გადამუშავებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ტრანზაქციები აეკრძალა. ქარხანას საქმიანობის დასასრულებლად ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი მიეცა. გამონაკლისი შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის ნავთობის ალტერნატიულ წყაროებზე გადავა და ამ პროცესს შესაბამისი მონიტორინგი დაექვემდებარება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ნედლი ნავთობი ქარხნისთვის იმპორტის უმსხვილეს წყაროდ იქცა. სანქციების სიაში ასევე მოხვდა საქართველოში დაფუძნებული ან ბოლო პერიოდში საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებელი სამი კომპანია.
ევროკავშირის ფინანსური დახმარება და პროგრამები
დემოკრატიული უკუსვლის გამო ევროკავშირმა საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარებაც შეამცირა.
2024 წლიდან შეჩერებულია 121.3 მილიონი ევროს ოდენობის ორმხრივი დაფინანსება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო გათვალისწინებული ევროკავშირის 2021–2027 წლების სამეზობლოს, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის ფარგლებში.
ამასთან, 2024 წლიდან შეჩერებულია საქართველოს ასოცირება ევროკავშირის ახალ პროგრამებთან.
საქართველო 2014 წლიდან მონაწილეობს ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამაში. ამჟამად ქვეყანა ჩართულია „ჰორიზონტი ევროპაში“, „შემოქმედებით ევროპაში“, EU4Youth-ში, საბაჟო პროგრამაში, Fiscalis-სა და შავი ზღვის აუზის ტრანსნაციონალური თანამშრომლობის პროგრამა Interreg-ში.
საქართველოს ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს კვლავ შეუძლიათ ისარგებლონ Erasmus+-ისა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის ფარგლებში გათვალისწინებული გარკვეული შესაძლებლობებით.
ანაკლიის პორტი: სახელმწიფო საკუთრება და შემცირებული დაფინანსება
ევროკომისია ანგარიშში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტსაც ეხება.
დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის ივლისში პროექტის განვითარების მოდელი შეიცვალა და ის ე.წ. landlord-port მოდელზე გადავიდა, რაც პორტის სრულ სახელმწიფო საკუთრებას გულისხმობს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში შეჩერებული იყო, ხოლო საანგარიშო პერიოდში პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები 60%-ით შემცირდა.
როგორ პასუხობს ხელისუფლება ევროკომისიის შეფასებებს
ევროკომისიის ანგარიშს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კრიტიკულად გამოეხმაურნენ.
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დოკუმენტი რეალისტური და მიუკერძოებელი არ არის. მისი თქმით, ევროკომისიას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს საქართველოს სახელმწიფო და რა რეფორმები გაატარეს სამინისტროებმა და უწყებებმა ევროკავშირთან დაახლოების მიზნით.
სამხარაძის განმარტებით, ამის მიზეზი ევროკომისიის მხრიდან ქართულ უწყებებთან სათანადო კონტაქტის არარსებობაა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ანგარიშის გამოქვეყნებამდე მის შეფასებაზე საუბარი რთულია. მისი თქმით, ქართულმა მხარემ ევროკავშირს დოკუმენტის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა უცნობია, როგორ აისახება ეს ინფორმაცია საბოლოო ანგარიშში.
ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირთან დიალოგის არარსებობა, მათ შორის ტექნიკურ და პოლიტიკურ დონეზე, შეუძლებელს ხდის ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სწორ ანალიზსა და შეფასებას.
როგორ მივიდა საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერებამდე
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მარტში წარადგინა. იმავე წლის ივნისში, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანას 12 პრიორიტეტის შესრულება დაევალა, რომლებიც ძირითადად დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვას უკავშირდებოდა.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო.
თუმცა, 2024 წლის ივნისში, ე.წ. „აგენტების კანონის“ მიღებისა და ხელისუფლების სხვა გადაწყვეტილებების შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეაჩერა. 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები ქვეყნის ევროპულ გზას საფრთხეს უქმნიდა და გაწევრიანების პროცესს ფაქტობრივად აჩერებდა.
მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებდა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და უარს ამბობდა ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
განცხადებას მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ხელისუფლებამ აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა, ასობით ადამიანი დააკავა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება, არასათანადო მოპყრობა და მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველი ჯგუფების კრიტიკის საგანი გახდა.
ამას მოჰყვა ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც კიდევ უფრო შეზღუდა სამოქალაქო სივრცე.
ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში ამ პროცესების გაგრძელებას ასახავს: საქართველოს გაწევრიანების პროცესი კვლავ შეჩერებულია, რეკომენდაციები შეუსრულებელია, ხოლო დემოკრატიის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით უკუსვლა გრძელდება.