ევროკავშირი გაფართოებისთვის ემზადება საქართველოს გარეშე. რას ნიშნავს კანდიდატობა „მხოლოდ ქაღალდზე“
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება
ევროკავშირი ახალი გაფართოებისთვის ემზადება და ოთხ დაწინაურებულ კანდიდატს – მონტენეგროს, ალბანეთს, მოლდოვასა და უკრაინას – კონკრეტულ საგზაო რუკებს უმზადებს.
საქართველო ამ პროცესში აღარ არის: ევროკომისიის მთავარ კომუნიკეში ქვეყანა საერთოდ არ არის ნახსენები, თანმხლებ 149-გვერდიან დოკუმენტში კი პირდაპირ წერია, რომ მისი გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
ამ ფონზე სულ უფრო მკაფიო ხდება არა მხოლოდ თბილისსა და ბრიუსელს შორის პოლიტიკური კონფლიქტი, არამედ მათი განსხვავებული ხედვაც თავად ევროინტეგრაციაზე. ევროკომისია წევრობის წინაპირობად დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობას ასახელებს. „ქართული ოცნების“ ლიდერები კი ბრიუსელის მოთხოვნების ნაწილს სულ უფრო ღიად წარმოაჩენენ როგორც ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო ზეწოლას.
„კანდიდატი მხოლოდ ქაღალდზე“
6 ოქტომბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა კომუნიკე „Communication on Pre-Enlargement Policy Reviews – Preparing for a Wider Union“, „გაფართოებამდელი პოლიტიკის გადახედვა – მზადება უფრო ფართო კავშირისთვის“.
დოკუმენტი აღწერს, როგორ უნდა მოემზადოს თავად ევროკავშირი მომავალი გაფართოებისთვის. ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა კანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივი ინტეგრაცია სრულ წევრობამდე.

პარალელურად, ევროკომისია უფრო მკაცრ დამცავ მექანიზმებს განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ ახალი წევრი გაწევრიანების შემდეგ ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს დაარღვევს. ყველაზე მძიმე შემთხვევაში ასეთი მექანიზმი შეიძლება საბჭოში ხმის უფლების შეჩერებასაც მოიცავდეს.
ევროკომისია საგზაო რუკებს ოთხი ქვეყნისთვის მოამზადებს – მონტენეგროსთვის, ალბანეთისთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის.
▇ საქართველო მთავარ, 25-გვერდიან კომუნიკეში ნახსენებიც კი არ არის.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა, 2026 წლის 6 ოქტომბერს ბრიუსელში, ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად საქართველოს მდგომარეობა ასე აღწერა:
„როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა. ქვეყანასთან როგორც გავაგრძელებთ, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, წევრი ქვეყნები როგორ შეაფასებენ ამის მომავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც ქვეყანაში [საქართველოში] ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა ეს“.
კომუნიკეს თანმხლები სამუშაო დოკუმენტი საქართველოს კვლავ გაფართოების ქვეყნებს შორის ასახელებს, თუმცა იქვე აკეთებს განმარტებას:
„საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად“.
ეს განსხვავება მნიშვნელოვანია: საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ გაუუქმებია და 6 ოქტომბერს ევროკავშირს ამ მიმართულებით ახალი გადაწყვეტილება არ მიუღია.
თუმცა, ფორმალური სტატუსის მიუხედავად, ქვეყანა არ არის იმ კანდიდატებს შორის, რომლებისთვისაც ევროკომისია ახლა გაწევრიანების შემდეგ ეტაპს გეგმავს.
ერთი სტარტი, სხვადასხვა ტრაექტორია
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის მარტში, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
კანდიდატის სტატუსი საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო იმ პირობით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯს შეასრულებდა.
შემდგომში სამი ქვეყნის გზა მკვეთრად გაიყო.
უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები 2024 წელს გაიხსნა. საქართველოს შემთხვევაში კი ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში წერია, რომ ხელისუფლების მიერ 2024 წლიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა ქვეყნის ევროპული გზა დააზიანა და გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეაჩერა.
[2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და უარს ამბობდა ევროკავშირის ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე_JAMnews]
2026 წლის ახალი პაკეტი ამ განსხვავებას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის: მოლდოვა და უკრაინა უკვე ოთხ დაწინაურებულ კანდიდატს შორის არიან, საქართველო კი არა.
„მოლდოვა უჯერებს ბრიუსელს, ჩვენ არ ვუჯერებთ“
„ქართული ოცნების“ პასუხები აჩვენებს, რომ თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა სულ უფრო კონფრონტაციული ხდება.
ევროკავშირის კრიტიკას საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკის დაცვით, არამედ თავად ბრიუსელის მოთხოვნების ღია უარყოფითა და კრიტიკით პასუხობს.
ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის ზოგიერთი მოთხოვნის შესრულებას ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხს უპირისპირებენ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოლდოვის პროგრესის შესახებ მარტა კოსის განცხადებას ეკონომიკური მაჩვენებლებით დაუპირისპირდა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალია და სიღარიბის მაჩვენებელი უფრო დაბალი.
პაპუაშვილმა ეს განსხვავება ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებას დაუკავშირა:
„სულ უფრო მეტ და მეტ შექებას იმსახურებს, მაგრამ ჩვენი გამოცდილება გვეუბნა, რომ რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და თავსმოხვეული დირექტივებით.
პაპუაშვილმა ასევე შეადარა ორი ქვეყნის სიღარიბის მაჩვენებლები და ეს განსხვავებები ბრიუსელის პოლიტიკისადმი დამოკიდებულებას დაუკავშირა.
„სხვაობა რაშია? მოლდოვა უჯერებს ბრიუსელს, ჩვენ არ ვუჯერებთ ბრიუსელს. […] აქედან დასკვნა, ის, ვინც უჯერებს ბრიუსელს, ის ზიანდება, ის, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს და უჯერებს საკუთარ ხალხს, ის მოგებაშია ეკონომიკური თვალსაზრისით. ერთადერთი, რაშიც მართლა გვისწრებს მოლდოვა, ეს არის ბრიუსელის ლამაზი სიტყვები.
ასეთი ლამაზი სიტყვები ნამდვილად არ გვჭირდება, თუკი ამ ლამაზი სიტყვების მიღმა, ჩვენ მხოლოდ ვზიანდებით ბრიუსელის თავსმოხვეული პოლიტიკით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მსგავსი იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას პასუხიც:
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ევროპული ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებისთვის, თუმცა არსებობს „წითელი ხაზები“ და ეროვნული ინტერესები, რომელთა დათმობაც ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ არ უნდა მოხდეს.
მან ბრიუსელის პოლიტიკური მოთხოვნების შესრულება „უსიტყვო მორჩილებას“ შეადარა და განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა „არა ნებისმიერ ფასად“ სურს.
„თუ დღეს ბრიუსელში „წინსვლად“ ითვლება ის, რამდენად უსიტყვოდ ასრულებს ქვეყანა კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნებს, მაშინ ეს უკვე დამსახურებაზე დაფუძნებული ევროპული ინტეგრაცია კი არა, უსიტყვო მორჩილების შეფასებაა. […] ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას „ჩამორჩება“, ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!“ – განაცხადა კირცხალიამ.
რას ამბობს თავად ევროკომისია
ევროკომისიის 2026 წლის დოკუმენტი განსხვავებულ კრიტერიუმებზე საუბრობს. ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად გაწევრიანების პროცესის ცენტრალური საკითხებია კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან – CFSP-სთან – შესაბამისობა.
დოკუმენტის მიხედვით, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია CFSP-ს სრულად უერთდებიან, მოლდოვასა და უკრაინას შესაბამისობის მაღალი დონე აქვთ. საქართველოსა და სერბეთს კი ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი სჭირდებათ, ხოლო საქართველოსა და თურქეთის შესაბამისობის მაჩვენებლები დაბალია.
ევროკომისია ამას კანდიდატი ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის ნიშნად განიხილავს და აღნიშნავს, რომ პრობლემები გაწევრიანებამდე უნდა გადაიჭრას.
რუსეთის ფაქტორს დოკუმენტში ცალკე ადგილი ეთმობა. ევროკომისიის შეფასებით, გაფართოება პირდაპირ უპირისპირდება რუსეთის გავლენას, რადგან ისეთი ქვეყნებისგან, როგორებიც საქართველო და სერბეთია, გაწევრიანების პროცესი მოითხოვს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობას, მათ შორის სანქციების, ენერგეტიკის, ვაჭრობის, უცხოური ინვესტიციებისა და სავიზო პოლიტიკის სფეროებში.
დოკუმენტში ასევე წერია:
„ამჟამად საქართველოს ხელისუფლება აქტიურად არ ცდილობს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას – მაშინ, როცა უკრაინა ახორციელებს ცვლილებებს ნატოსთან სრულად თავსებადობისთვის“.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ფორმულირებაა ახალ დოკუმენტში, რადგან შეფასება უკვე არა კონკრეტული რეფორმის შესრულებას, არამედ ხელისუფლების საერთო პოლიტიკურ მიმართულებას ეხება.
ოპოზიცია მოლდოვის მაგალითზე
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი მოლდოვის მაგალითს „ქართული ოცნების“ ე.წ. „მეორე ფრონტის“ არგუმენტს უპირისპირებს.
სამადაშვილი მოლდოვის მაგალითს „ქართული ოცნების“ ე.წ. „მეორე ფრონტის“ არგუმენტს უპირისპირებს. მისი თქმით, მოლდოვას რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ არ გაუხსნია და ევროკავშირი მას, პირიქით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში ეხმარება.
მოლდოვის ევროპულ წინსვლას სამადაშვილი დეოლიგარქიზაციასაც უკავშირებს და ამბობს, რომ საქართველოში საპირისპირო პროცესი განვითარდა.
„სამწუხაროდ, საქართველოში საპირისპირო პროცესი წავიდა, ოლიგარქმა სრულად აიღო ხელში ძალაუფლება, დაანგრია ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია და შედეგად ჩვენ ვართ გაუქმებული ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგიდან“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ევროპარლამენტში უკვე ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე მსჯელობენ
საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის პოლიტიკური კონტექსტი ევროპარლამენტის მიმდინარე დღის წესრიგშიც ჩანს.
7 ოქტომბერს ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატები ოფიციალური სახელწოდებით – „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“. 8 ოქტომბერს შესაბამის რეზოლუციას კენჭს უყრიან.
ეს ევროკომისიის გაფართოების პაკეტისგან დამოუკიდებელი პროცედურაა და მათი პირდაპირ დაკავშირება არასწორი იქნებოდა.
თუმცა ორი პროცესი ერთდროულად აჩვენებს საქართველოსა და სხვა დაწინაურებულ კანდიდატებს შორის განსხვავებულ პოლიტიკურ კონტექსტს: ევროკავშირი ოთხ ქვეყანასთან ინტეგრაციის შემდეგ ნაბიჯებზე მუშაობს, საქართველოს შესახებ კი ევროპარლამენტში ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვას განიხილავენ.
შემდეგი თარიღი – 28 ოქტომბერი
საქართველოს შესახებ შემდეგი მნიშვნელოვანი შეფასება ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი, როდესაც ევროკომისია გაფართოების ანგარიშებს გამოაქვეყნებს.
მარტა კოსმა უკვე თქვა:
„როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა.
ქვეყანასთან როგორც გავაგრძელებთ, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, წევრი ქვეყნები როგორ შეაფასებენ ამის მომავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც ქვეყანაში [საქართველოში] ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა ეს“.