მაღალჩინოსნები და კერძო ბიზნესი: TI თანამდებობის პირების გათავისუფლებას მოითხოვს
მაღალჩინოსნები და კერძო ბიზნესი
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” (TI) განცხადებით, საქართველოში 24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კერძო კომპანიის დირექტორად რჩება, ანტიკორუფციული კანონმდებლობის დარღვევაა. გამოვლენილ პირებს შორის არიან მერები, მერის მოადგილეები, საკრებულოების ხელმძღვანელი პირები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
ორგანიზაციის ცნობით, საჯარო სამსახურისა და სამეწარმეო სუბიექტის დირექტორობის შეთავსება კანონით აკრძალულია. შესაბამისად, ორგანიზაციის მოთხოვნით, დარღვევაში მხილებული თანამდებობის პირები კანონით გათვალისწინებული წესით უნდა გათავისუფლდნენ.
TI განმარტავს, რომ კანონი ახალ თანამდებობის პირს სამეწარმეო სუბიექტის დირექტორობის შესაწყვეტად ათდღიან ვადას აძლევს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი პირმა საჯარო სამსახური უნდა დატოვოს.
ვინ არიან გამოვლენილი თანამდებობის პირები
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, გამოვლენილ პირებს შორის არიან:
- მერაბ ბექაია — ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე; შპს „ჰიდრავლიკ სერვისი +“-ის დირექტორი.
- ნინო ვაშაკიძე — თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე; შპს „ბიდარასა“ და შპს „ილ გუდაურის“ დირექტორი.
- გურამ საღარაძე — საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს უფროსი; შპს „კოსპოტის“ დირექტორი.
- შოთა ანდრიაძე — მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; შპს „აიპისის“ დირექტორი.
- თამთა ყველაიძე — ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე; შპს „ვაინ ივენთს ენდ ქონსალთინგის“ დირექტორი.
- თემურ გასვიანი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე; შპს „სტრადას“ დირექტორი.
- არჩილ ჯაყელი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე; შპს „კონკასა“ და შპს „სამშენებლო კომპანია ივერონის“ დირექტორი.
- გიორგი ნაჭყებია — მარტვილის მერი; შპს „ბუდულის“ დირექტორი.
- ბერდია ჩანქსელიანი — სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში; შპს „ჩანქსელიანების მარნის“ დირექტორი.
- მიხეილ ტარახჩევი — საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილე; შპს „ინფორმ-მობილ საქართველოს“, შპს „მაი კავკასიასა“ და შპს „სუჯოუს დაზგა დანადგარები საქართველოს“ დირექტორი.
- ვალენტინა ნავერიანი — ბოლნისის მერის მოადგილე; შპს „ლევნლის“ დირექტორი.
- გიორგი დოლიძე — წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; შპს „ვიქტორიას“ დირექტორი.
- ჯაბა ხოზრევანიძე — ადიგენის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე; შპს „ბლების“ დირექტორი.
- გიორგი შავრეშიანი — ლენტეხის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე; შპს „ტვიბი-001“-ის დირექტორი.
- არჩილ ჩაჩანიძე — ხაშურის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე; შპს „ტრანზიტ სერვისი 888“-ისა და შპს „ტრაპიზონტრანსპორტ-კომპანის“ დირექტორი.
- მამუკა სინაურიძე — ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე; შპს „არტ გრუპი რუსთაველის“ დირექტორი.
- ირაკლი ძაძამია — წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე; შპს „გლობალ ბილდინგ გრუპის“ დირექტორი.
- ნოდარ ასათიანი — წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე; შპს „ასანი ქონსთრაქშენის“ დირექტორი.
- ოთარ სულაშვილი — წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე; შპს „პრომეთეს“ დირექტორი.
- უჩა ხუციშვილი — ყაზბეგის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე; შპს „თეიქ ენერჯის“ დირექტორი.
- გიორგი ღიბრაძე — ბოლნისის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი; შპს „გ და ნ ბიზნეს ჯგუფისა“ და შპს „პაგის“ დირექტორი.
- სოლომონ ღორაშვილი — დედოფლისწყაროს მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი; შპს „მირზაანის“ დირექტორი.
- როლანდ აბულაძე — ხულოს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი; კოოპერატივ „აჭარის თემის“ ხელმძღვანელი.
- ბიძინა მექვევრიშვილი — ახმეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე; კოოპერატივ „მაღრაანი აგროს“ ხელმძღვანელი.
რას ითვალისწინებს კანონი
ორგანიზაციის განმარტებით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი საჯარო მოსამსახურეებს სამეწარმეო საქმიანობასა და კომპანიის ხელმძღვანელობას უზღუდავს. შეზღუდვის მიზანია საჯარო უფლებამოსილებისა და კერძო ეკონომიკური ინტერესების გამიჯვნა და ინტერესთა კონფლიქტის რისკის შემცირება.
ამავე დროს, თანამდებობის პირს კანონით შეუძლია სამეწარმეო სუბიექტის წილის ან აქციების ფლობა, თუმცა ეს კომპანიის დირექტორობისგან განსხვავებული სამართლებრივი მდგომარეობაა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, საჯარო თანამდებობისა და კერძო კომპანიის მართვის ერთდროულად განხორციელება კორუფციის რისკებს ქმნის. ორგანიზაცია ხელისუფლებას კანონით გათვალისწინებული რეაგირებისკენ მოუწოდებს.
გამოქვეყნებული სია აერთიანებს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ისე ცენტრალური უწყებებისა და საჯარო დაწესებულებების თანამდებობის პირებს. ორგანიზაციის მიერ დასახელებული შემთხვევების შემდგომი სამართლებრივი შეფასება და კანონით გათვალისწინებული რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციაა.