სომხეთის არჩევნების საბოლოო შედეგები: ფაშინიანის პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა, ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს
2026 წლის სომხეთის არჩევნების საბოლოო შედეგები
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 7 ივნისს გამართული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა. ოფიციალური მონაცემებით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ კვლავ უმსხვილესი პოლიტიკური ძალა გახდა და ახალ პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს.
თუმცა, ოპოზიციური პარტიები შედეგებს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ არჩევნები სისტემური დარღვევების ფონზე ჩატარდა. ისინი შედეგების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებასა და პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ.
- “არ მაღელვებს” — ფაშინიანი ОДКБ-დან სომხეთის შესაძლო გარიცხვას არ გამორიცხავს
- რუსეთის ზეწოლა სომხეთზე არჩევნებამდე: ეკონომიკა, როგორც ბერკეტი
- კრემლის ფსონი სომხეთზე: როგორ გადაიქცა ერევნის არჩევნები რუსეთის გავლენისთვის ბრძოლად — The Insider-ის გამოძიება
როგორ გადანაწილდა მანდატები
ცესკოს საბოლოო მონაცემებით, “სამოქალაქო შეთანხმებამ” 726 819 ხმა, ანუ 49.7% მიიღო.
მეორე ადგილზე გავიდა ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის მიერ მხარდაჭერილი ბლოკი “ძლიერი სომხეთი“, რომელმაც 23.3% დააგროვა, ხოლო მესამე ადგილზე ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი “სომხეთი“ აღმოჩნდა 9.9%-ით.
ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის პარტიამ “აყვავებული სომხეთი“ მხოლოდ 3.98% მიიღო და პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
105-წევრიან პარლამენტში მანდატები ასე განაწილდა:
- “სამოქალაქო კონტრაქტი“ — 64 მანდატი;
- “ძლიერი სომხეთი“ — 29 მანდატი;
- “სომხეთის“ ბლოკი — 12 მანდატი.
64 მანდატი ფაშინიანის პარტიას პარლამენტში სამ მეხუთედზე მეტ უმრავლესობას აძლევს, რაც კანონების დამოუკიდებლად მიღებისა და შეცვლის შესაძლებლობას ქმნის.
რატომ გახდა სამი საარჩევნო უბანი დავის საგანი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამი საარჩევნო უბნის შედეგები ბათილად ცნო.
ორი უბნის შემთხვევაში გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ოპოზიციის საჩივრებს, რომლის თანახმადაც სამხედრო მოსამსახურეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა საარჩევნო უბნების ოფიციალურად დახურვის შემდეგ მიიღეს. მესამე უბანზე კი ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის საარჩევნო ბიულეტენები არ აღმოჩნდა.
მიუხედავად ამისა, ცესკომ ხელახალი არჩევნების დანიშვაზე უარი თქვა. კომისიაში განმარტავენ, რომ განმეორებითი კენჭისყრა უკვე ცნობილი შედეგების ფონზე “ტაქტიკური ხმის მიცემის“ რისკს შექმნიდა და ამომრჩეველთა ნებას შესაძლოა კიდევ უფრო დაამახინჯებდა.
კომისიის შეფასებით, განმეორებითი არჩევნები მხოლოდ მაშინ უნდა დაინიშნოს, თუ ის თავისუფალ, თანასწორ და სამართლიან შედეგს უზრუნველყოფს.
ოპოზიცია: “ოფიციალური შედეგები ხალხის ნებას არ ასახავს“
არჩევნებში მონაწილე ექვსმა ოპოზიციურმა ძალამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საარჩევნო პროცესი “სისტემური და ორგანიზებული დარღვევებით“ იყო დატვირთული.
მათი თქმით, ადგილი ჰქონდა:
- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას;
- პოლიტიკური ოპონენტების დევნას;
- ოპოზიციური შტაბების საქმიანობისთვის ხელის შეშლას;
- საინფორმაციო რესურსების ბოროტად გამოყენებას;
- ხმების დათვლის შედეგების შერჩევითად გაუქმებას.
ოპოზიციის შეფასებით, ოფიციალური შედეგები “ხალხის ნამდვილ ნებას არ ასახავს“ და ვერ გახდება სრულფასოვნად ლეგიტიმური ხელისუფლების ფორმირების საფუძველი.
ბლოკ “სომხეთის“ წარმომადგენელმა ლევონ ქოჩარიანმა უკვე დაადასტურა, რომ შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება.
საპროტესტო აქცია ცესკოსთან
საბოლოო შედეგების გამოცხადების პარალელურად, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
“ძლიერი სომხეთის“, “სომხეთის“ და “აყვავებული სომხეთის“ წარმომადგენლები არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ახალი კენჭისყრის ჩატარებას მოითხოვდნენ.
ოპოზიციის განცხადებით, დარღვევებმა არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
მმართველი პარტიის წარმომადგენელმა არუსიაკ ჯულჰაკიანმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ არჩევნების მთავარი პრობლემა სწორედ ოპოზიციურ ძალებთან დაკავშირებული ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევები იყო.
სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ ამომრჩევლის მოსყიდვის ათობით შემთხვევის შესახებ გამოძიება დაიწყო. რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია.
ფაშინიანი: “ქრთამის გამცემებს მეორე შანსი აღარ ექნებათ“
ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიციის მოთხოვნები მკვეთრად გააკრიტიკა.
მისი თქმით, აბსურდულია იმის მტკიცება, რომ არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს მხოლოდ იმიტომ, რომ საარჩევნო ქრთამის გამცემმა ძალებმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვაში ეჭვმიტანილ პოლიტიკურ ძალებს “აღარ ექნებათ არც მეორე და არც მესამე შანსი“.
სხვა გამოსვლაში ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურ ბლოკებს მოსახლეობის მხარდაჭერა არასოდეს ჰქონიათ და არც მომავალში ექნებათ.
ექსპერტები პოლიტიკური დაპირისპირების გაღრმავებას ელიან
პოლიტოლოგ რობერტ გევონდიანის შეფასებით, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს, ეს 2018 წლის “ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც სომხეთში რომელიმე პოლიტიკური ძალა საპარლამენტო არჩევნების შედეგების სამართლებრივად გადახედვას მოითხოვს.
გევონდიანი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგების სრულად გაუქმება და ახალი არჩევნების დანიშვნა ნაკლებად სავარაუდო სცენარია, თუმცა არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ამ შესაძლებლობის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია.
მისი პროგნოზით, ახალი მოწვევის პარლამენტი, დიდი ალბათობით, კვლავ მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების არენად იქცევა. პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ ოპოზიციური ძალები საკანონმდებლო საქმიანობაზე მეტად ხელისუფლებასთან კონფრონტაციასა და პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებაზე იქნებიან ორიენტირებულნი.
“ვფიქრობ, ახალი პარლამენტი გარკვეულწილად გააგრძელებს წინა მოწვევის პარლამენტის ტრადიციებს, როდესაც ოპოზიციის მთავარი ამოცანა საკანონმდებლო მუშაობაში მონაწილეობა კი არა, პროცესების შეფერხება და ხელისუფლებასთან მუდმივი დაპირისპირება იყო. ამიტომ მოსალოდნელია პოლიტიკური დაძაბულობა, მწვავე დებატები, ურთიერთბრალდებები და ხმაურიანი პოლიტიკური პროცესები“, – განაცხადა გევონდიანმა.
პოლიტოლოგ ტიგრან გრიგორიანის შეფასება კიდევ უფრო კრიტიკულია. მისი აზრით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებამ, არ დაენიშნა განმეორებითი კენჭისყრა იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, პირდაპირი გავლენა მოახდინა როგორც “აყვავებული სომხეთის“ პარლამენტს მიღმა დარჩენაზე, ისე მმართველი პარტიის მიერ დამატებითი მანდატების მოპოვებაზე.
გრიგორიანის თქმით, სწორედ ამ გადაწყვეტილების შედეგად “სამოქალაქო შეთანხმებამ“ პარლამენტში სამ მეხუთედზე მეტი უმრავლესობა მიიღო, რაც მას საკონსტიტუციო ცვლილებებისა და უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტების დაკომპლექტების პროცესში დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს.
პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მთელი საარჩევნო კვირის განმავლობაში ცდილობდა საერთაშორისო და შიდა აუდიტორიისთვის დაემტკიცებინა არჩევნების ლეგიტიმურობა და თავიდან აეცილებინა შედეგების დისკრედიტაცია, თუმცა საბოლოოდ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც, მისი შეფასებით, არჩევნების მიმართ ნდობას სერიოზული დარტყმა მიაყენა.
“ამგვარი გადაწყვეტილებით არჩევნების შედეგები ფაქტობრივად დელეგიტიმაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ხელისუფლება, სავარაუდოდ, შეეცდება ეს ნაბიჯი დემოკრატიისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის არგუმენტებით ახსნას, თუმცა რეალურად საქმე გვაქვს ძალიან სახიფათო პრეცედენტთან, რომელიც აჩვენებს, რომ მმართველი ძალისთვის გარკვეული პოლიტიკური და სამართლებრივი საზღვრები უკვე აღარ არსებობს“, – მიიჩნევს გრიგორიანი.
კრიტიკული შეფასება გააკეთა ადამიანის უფლებათა დამცველმა და დამოუკიდებელი დამკვირვებლების მისიის წარმომადგენელმა დანიელ იოანისიანმაც. მისი თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყურადღება არა ცალკეული უბნების შედეგების გაუქმებაზე, არამედ იმ პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობაზე უნდა გაემახვილებინა, რომელთა მიმართაც ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ არაერთი ბრალდება არსებობდა.
იოანისიანის განცხადებით, თუ საარჩევნო მოსყიდვის ფაქტები მართლაც დადასტურებული იყო, კომისიას უნდა განეხილა იმ პოლიტიკური სუბიექტების არჩევნებიდან მოხსნის საკითხი, რომლებიც აღნიშნული პრაქტიკით სარგებლობდნენ. მისი შეფასებით, ეს გაცილებით უფრო მყარი სამართლებრივი საფუძვლის მქონე გადაწყვეტილება იქნებოდა, ვიდრე კონკრეტული უბნების შედეგების გაუქმება.
“ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჰქონდა როგორც უფლებამოსილება, ისე ვალდებულება, ემსჯელა იმ პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობაზე, რომლებიც ამომრჩევლის მოსყიდვასთან იყვნენ დაკავშირებული. ამის ნაცვლად მიღებულმა გადაწყვეტილებამ არჩევნების შედეგების ქვეშ ერთგვარი სამართლებრივი ნაღმი ჩადო. ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რამდენად კანონიერად იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება“, — განაცხადა მან.
იოანისიანის აზრით, შექმნილმა ვითარებამ შესაძლოა ხანგრძლივი პოლიტიკური და სამართლებრივი დავების საფუძველი შექმნას, რადგან არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული კითხვები მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან კი არა, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილშიც გაჩნდა.