„შაბათის მარშის“ მსვლელობისთვის მოქალეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ თბილისში, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. მარში ლოზუნგით „ საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ, ტრადიციულად პარლამენტის შენობამდე გაიმართა.
26 სექტემბრის საპროტესტო მარშზე მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სოლიდარობა უკრაინელ მებრძოლებს და აფხაზეთის ომი გაიხსენეს. ” აფხაზეთი საქართველოა”- ისმოდა შეძახილები. 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან 33 წელი სრულდება.
თითქმის ორი წელია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ყოველ საღამოს იკრიბებიან ქვეყნის დედაქალაქში, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე პატარა ქალაქში.
აქციების მიმდინარეობისას ათობით ადამიანი დააკავეს. ბევრ მათგანს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გვყავს 150-მდე სინდისის პატიმარი, მათ შორის ქალები. დაპატიმრებულია გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. მას ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე.
აქციის მონაწილეები ითხოვენ გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გაუქმდეს ყველა ის ანტიდემოკრატიული კანონი, რაც ბოლო ორ წელიწადში მიიღო “ქართულმა ოცნებამ”.
პროტესტის ჩასახშობად, “ქართული ოცნება” სულ უფრო ამკაცრებს რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ. თუმცა, უწყვეტი პროტესტი, სხვადასხვა ფორმით, დღემდე გრძელდება.